,,უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთისა და მისი არმიის მიერ ჩადენილი ქმედებები უკრაინაში, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.“ – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი twitter-ზე წერს.
შესაბამის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის გენოციდის შესახებ“ 363-მა სახალხო დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
დეპუტატებმა, რეზოლუციაში საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს დაგმონ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
უკრაინელი დეპუტატების თქმით, ეს რეზოლუცია უკრაინაში რუსეთისა და მისი არმიის დანაშაულების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების დასაწყისია.
ცნობისთვის, ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა სოფელ ბუჩაში არაერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 400-ზე მეტი მოქალაქის ცხედარი. ოკუპანტები ბლოკავენ ჰუმანიტარულ დერეფნებსაც, რომლითაც მოსახლეობას საკვები და წყალი მიეწოდებათ. ასევე, ესვრიან მოქალაქეებს, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის “უკანასკნელ პროვოკაციას” უწოდებს.
რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც.