საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც 9 დეპუტატისგან შედგებოდა, უკრაინიდან დაბრუნდა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.
დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკსა და დეპუტატებს შეხვდნენ. გარდა ამისა, მათ ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოინახულეს.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.