ესპანეთის საფეხბურთო პირველობის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კლუბ „ლევანტეს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. მატჩის 31-ე წუთიდან „ვალენსია“ გაიას გაძევების გამო რიცხვნაკლული თამაშობდა და რომ არ დამარცხდა, საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯის დიდი დამსახურებაა.
ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, „მატჩის მეფედ“ დაასახელეს.
შეხვედრის შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილის შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა:
„არ ვიცი იგეგმება თუ არა მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხის გაზრდა, ეს კლუბის საქმეა, მე ვერაფერს გეტყვით. შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მამარდაშვილი საოცარი პიროვნებაა და ბრწყინვალე დონეზე თამაშობს. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ.“
ბელგიაში კი გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ფლეი-ოფში „სერენის“ მეტოქე „მოლენბეკი“ იყო, რომელიც ორმატჩიან დაპირისპირებაში 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი პირველ შეხვედრაში მიქაუტაძემ შეაგდო.
ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა:
„სიტყვები არ მაქვს იმ გარემოს აღსაწერად, რაც სტადიონზე იყო. გვსურდა ელიტაში ადგილი შეგვენარჩუნებინა ჩვენთვის, ჩვენი ქომაგებისთვის, კლუბისთვის, ყველასთვის. ახლა მხოლოდ მხიარულებაა, ახლა მხოლოდ ზეიმის დროა“.
გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „Mirror“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კრიშტიანუ რონალდუ დიდი ალბათობით შესაძლოა რომ მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს. 37 წლის შემტევი „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლას სერიოზულად განიხილავს. ამავდროულად, ესპანურ კლუბს რონალდუსთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს.
პორტუგალიელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. გარდა იმისა, ამ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგის სამომავლო გეგმებში რონალდუ არ შედის. „მან. იუნაიტედისთვის“ ფინანსური კუთხით რონალდუს გაყიდვა მისაღები ვარიანტი იქნება, რადგან თუ კლუბში დარჩება, 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
ესპანურმა გამოცემამ „Diario Sport“ გაავრცელა ცნობა რომ ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.
„ბარსელონა“, რომელიც რობერტ ლევანდოვსკისა და ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერის განხორციელების პროცესში პრობლემებს წააწყდა, ბელგიელის ჩაყვანაზე დაფიქრდა. „ბარსას“ პრეზიდენტის მრჩეველი ჟორდი კრუიფი და კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი ლუკაკუს აგენტ ფედერიკო პასტორელოსს უკვე შეხვდნენ.
შეხვედრაზე თავდამსხმელის იჯარით აყვანის საკითხი განიხილეს, რადგან კატალონიელებს „ჩელსის“ თავდამსხმელის გამოსასყიდად საკმარისი ფული არ გააჩნიათ. ჯერჯერობით, მხარეებს საკითხის შესახებ კონკრეტული პასუხი არ აქვთ, ყველაფერი ნათელი „ჩელსის“ მფლობელის შეცვლის შემდეგ გახდება.
ცნობილი გახდა რომ იტალიური საფეხბურთო კლუბი „პალერმოს“ შეძენა „სიტის საფეხბურთო ჯგუფს“ სურს, რომელიც 10-მდე კლუბს აერთიანებს. იტალიური მედიის მტკიცებით, შეიხ მანსურის საკუთრებაში მყოფ ჰოლდინგის მიზანი „პალერმოს“ შეძენა და მისი „სერია A“-ში დაბრუნებაა.
„სიტი ჯგუფი“ კლუბის 80%-იანი წილის შეძენას გეგმავს. ინვესტორებს ეს 6 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ამჟამად მოლაპარაკებები კლუბის მფლობელთან მიმდინარეობს, დარიო მირი წილის გაყიდვაზე თანახმაა და „სიტი ჯგუფსაც“ გარიგების დახურვა მალე სურს.
„პალერმო“ იტალიის საფეხბურთო პირველობის „სერია С“-ში ასპარეზობს და „სერია B“-ში აღზევებისთვის იბრძვის. „სიტი ჯგუფისთვის“ სიცილიური კლუბი მე-11 შენაძენი იქნება. ისინი ახლა „მანჩესტერ სიტის“, „მელბურნ სიტის“, „სიტი ტორკეს“, „მუმბაი სიტის“, „ჟირონას“, „სიჩუანს“, „იოკოჰამას“, „ტრუას“, „მანჩესტერ სიტისა“ და „მელბურნ სიტის“ ქალთა გუნდებს ფლობენ.
ავტორი