გუშინ ესპანეთის „ლა ლიგის“ ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ეროვნული გუნდისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთი წერილი მიუძღვნა და „უმაღლესი დონის მეკარედ“ დაასახელა.
გუშინვე, ქართველის შესახებ კიდევ ერთმა ესპანურმა გამოცემამ „El Desmarque“ დაწერა და გიორგი მამარდაშვილი პოპულარული ფილმების „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს- გენერალ გრივუსს შეადარა.
„გენერალი გრივუსი ანტაგონისტთა ჯგუფის წევრია და „ბნელ მხარეს“ თავისი ოთხი ხელითა და ლაზერული ხმლებით იცავს. მამარდაშვილი სწორედ ამიტომ ავირჩიეთ. გიორგისა და გენერალ გრივუსს მსგავსი მიზნები არ გააჩნიათ, მაგრამ სიმბოლური გადმოსახედიდან, ვარსკვლავური ომების პერსონაჟის გარეგნობას „ვალენსიას“ მეკარესთან ბევრი საერთო აქვს. მამარდაშვილის ხელთათმანები „ვალენსიას“ მხსნელად მოევლინნენ და ისეთი სიმაღლეების დაპყრობაში დაეხმარნენ, როგორიც „კოპა დელ რეის“ ფინალში გასვლაა“.
თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ევროთასის ფინალში გავიდა. იტალიურმა კლუბმა სტუმრად „ვალენსია“ 83:73 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 26:04 წუთში 15 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველი შედეგიანობითა და სარგებლიანობის კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო იყო.
გადამწყვეტი შეხვედრა 11 მაისს, ქალაქ ბოლონიაში გაიმართება და შენგელიას გუნდი თურქულ „ბურსასფორს“ დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, მომავალ სეზონში „ვირტუს ბოლონია“ საკალათბურთო ევროლიგაში იასპარეზებს.
საინტერესოა სად გააგრძელებს კარიერას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თორნიკე შენგელია. ცნობილი იყო რომ ქართველი კატალონიური „ბარსელონას“ მაისურს მოირგებდა. ორი დღის წინ ამჟამინდელმა გუნდმა გაუმჯობესებული ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, პარალელურად ქართველით მადრიდის „რეალიც“ დაინტერესდა.
გუშინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ესპანურ მასმედიის მტკიცებით, ქართველი შემტევი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს და NBA-ს რომელიმე კლუბში ჩაირიცხება.
მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს პირველობის ორ შესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს. ამ მატჩებში წესითა და რიგით აშშ-ში მოასპარეზე გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილსაც უნდა ეასპარეზათ. გუშინ ცნობილი გახდა რომ ამ ორ მოთამაშეს გარკვეული პრობლემები შეექმნათ.
გამოცემა „eurohoops.net“-ის მტკიცებით, ევროპულ ნაკრებებს გაუჭირდებათ ივნის-ივლისის სანაკრებო ფანჯრის დროს NBA-ს ვარსკვლავები ათამაშონ. საქმე „NBA“-სა და „ფიბა-ს“ შორის არსებულ სადაზღვევო ხელშეკრულებას ეხება.
ამჟამინდელი შეთანხმებით, სადაზღვევო ხელშეკრულება ამ ორგანიზაციებს შორის მაქსიმუმ 28-დღიანია და თუ ნაკრებებს სურთ, რომ მათმა ვარსკვლავებმა ივნისის ფანჯრისაც (27 ივნისი – 5 ივლისი) ითამაშონ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შემდეგ ევრობასკეტზეც (1-18 სექტემბერი), შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნათ.
არის ერთი გამოსავალი. NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები მატჩის წინა დღეებში გამოცხადნენ აგვისტოს ფანჯრის გახსნისთანავე და მათ ვერ მიიღონ გუნდის შეკრებაში მონაწილეობა. 28-დღიანი მაქსიმუმის დარღვევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრავმის რისკი ეროვნული გუნდის მოთამაშეს შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს. ხოლო, თუ ივნისის ფანჯარას გამოტოვებენ, ევრობასკეტისათვის კალათბურთელები 28-დღიან ლიმიტში თავისუფლად მოახერხებენ ჩატევას.
1 ივლისს საქართველოს ნაკრები უკრაინას უნდა შეხვდეს, თუმცა როგორ შეძლებს უკრაინა თამაშს, მით უმეტეს მასპინძლობას ჯერჯერობით უცნობია. 4 ივლისს – თბილისში ესპანეთს ვუმასპინძლებთ. 1-ელი სექტემბრიდან კი საქართველო ევრობასკეტზე თამაშობს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა. ჯგუფში ნაკრები ბელგიას, ესპანეთს, თურქეთს და ბულგარეთს უნდა დაუპირისპირდეს. ბოლო მეტოქე რუსეთის ბედი ჯერაც გაურკვეველია.
საიდუმლოს არ წარმოადგებს რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს. გავრცელდა მისი მომავალი კლუბის ვინაობაც – ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“. გუშინ ცნობილი გახდა რომ პარიზული გუნდის არგენტინელი ლიდერი ლეო მესი რონალდოსთან ერთად ასპარეზობის სასტიკი წინააღმდეგია.
გამოცემა „El Nacional“-ის მტკიცებით, რონალდუს „პსჟ“-ში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ლეო მესი კლუბს დაუკავშირდა. წყაროს ცნობით, არგენტინელი გუნდში პორტუგალიელის მისვლის წინააღმდეგია და დაიმუქრა, რომ თუ ეს ტრანსფერი შედგება, თავად პარიზს დატოვებს.
როგორც წყარო წერს, თავად რონალდუ არ არის წინააღმდეგი, რომ მესისთან ერთად ითამაშოს.
ავტორი