ცნობილი კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი ამ ისტორიას ხშირად იხსენებდა:
„სვანი ვარ, ეს ძალიან მეამაყება და ყოველთვის ვცდილობ, ამას ხაზი გავუსვა…
ახალგაზრდობაში ჩემს უბნელებს ჩამოსულ სვანებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ძმაკაცები მოვიდნენ და ამის შესახებ მიამბეს, იმედი ჰქონდათ, რომ მათ გვერდით დავუდგებოდი, მით უმეტეს, რომ ამბობდნენ: „პრავები ვართო“.
ძმებო, სვანი ვარ და მოდი, შეურიგდით და არ იჩხუბოთ-მეთქი, – ვუთხარი ჩემს უბნელებს და იგივე გავიმეორე, როდესაც ჩემთან მეორე მხარე – სვანები მოვიდნენ.
„ბაზარი“ რომ წავიდა, ჩემს მოწოდებას ყური არ ათხოვეს და გაჩაღდა ჩხუბი. მე სვანებს დავუჭირე მხარი და ამან ჩხუბის ბედი ჩემი „ზემლიაკების“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.
საღამოს, უბანში რომ დავბრუნდი, ვხედავ, ჩემი ძმაკაცები გალახულები სხედან ბირჟაზე. ზოგს თავი აქვს შეხვეული და ზოგს – ხელი. რომ დამინახეს, მისაყვედურეს, – ეს რა გვიქენი, ბიჭო, რატომ დაგვცხეო?
– ხომ გითხარით, სვანი ვარ-მეთქი და გთხოვეთ, არ გეჩხუბათ. თქვენ კი არ დამიჯერეთ. ახლა კი ისვით მალამოები-მეთქი…
ავტორი