სამტრედიას დიდი სამამულო ომის ერთადერთი ვეტერანი შემორჩა. წარმოშობით უკრაინელი ალექსანდრა ჯულუხიძე 22 მაისს 100 წლის შესრულდება. საუკუნეს მიტანებულ ქალბატონს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, 9 მაისის დილას სახლში ესტუმრნენ, ყვავილები და ნობათი მიართვეს. ალექსანდრა ჯულუხიძეს და მისი ოჯახის წევრებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 77- ე წელი მიულოცეს და საქართველოს პრემიერ მინისტრის მილოცვის ბარათი გადასცეს. ალექსანდრა ჯულუხიძე წარმოშობით უკრაინელია , გვარად ნეჟენეცი. მომავალი მეუღლე მან დიდ სამამულო ომში გაიცნო, უკრაინის ფრონტზე , სადაც 1942 წლიდან იმყოფებოდა, როგორც მედდა. სამტრედიელ გრიგოლ ჯულუხიძესთან ერთად შექმნა ოჯახი , ომის დასრულების შემდეგ წამოვიდა საქართველოში, გააჩინა ოთხი შვილი. ალექსანდრას მეუღლე, ასევე დიდი სამამულო ომის ვეტერანი გრიგოლ ჯულუხიძე, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დიდი სამამულო ომის ვეტერანებს საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 1000-1000 ლარი ჩაერიცხათ.
ავტორი