რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებისას უზარმაზარი კიბერშეტევა გახორციელდა სატელიტური ინტერნეტ ქსელის წინააღმდეგ, რომელმაც ათასობით მოდემი გამორთო,_ ამის შესახებ განცხადება BBC-ის ინფორმაციით ევროკავშირში გააკეთეს და მომხდარში რუსეთი დაადანაშაულეს.
„ამ კიბერთავდასხმას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, რამაც გამოიწვია კომუნიკაციის შეფერხებები უკრაინის რამდენიმე საჯარო უწყებაში, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის, ასევე შეეხო ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას.
ეს მიუღებელი კიბერშეტევა კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევის კიბერსივრცეში, რომელიც ასევე წარმოადგენს უკრაინაში მისი უკანონო და გაუმართლებელი შეჭრის განუყოფელ ნაწილს“, – ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა ასევე გააკრიტიკა რუსეთი ინციდენტის გამო და თქვა: ”ეს არის ნათელი და შოკისმომგვრელი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განზრახ და მავნე თავდასხმის შესახებ, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა უკრაინასა და მთელ ევროპაში უბრალო ადამიანებზე და ბიზნესებზე”.
უკრაინის კიბერუსაფრთხოების ორგანომ ადრე განაცხადა, რომ ის ომს ებრძვის როგორც ციფრულ სფეროში, ასევე ადგილზე, მუდმივი კიბერშეტევებით მის ქსელებზე.