სუმის ოლქში უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო გაასამართლებენ პირველ რუს სამხედროს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა FACEBOOK-ზე წერს.
“გენერალური პროკურორის ოფისმა გააგზავნა საბრალდებო ოქმი მოსკოვის რეგიონის კანტემიროვსკაიას მეოთხე სატანკო დივიზიის N32010 სამხედრო დანაყოფის მეთაურის, ვადიმ შიშიმარინის წინააღმდეგ,”- აღნიშნულია განცხადებაში.
ვენედიქტოვას ცნობით, 28 თებერვალს, 21 წლის რუსმა ჯარისკაცმა სუმის ოლქის სოფელ ჩუპახოვკაში მოკლა შეუარაღებელი სამოქალაქო პირი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
“მანამდე კოლონამ, რომელშიც სერჟანტი შიშიმარინი იმყოფებოდა, ჩვენი კოლონა გაანადგურა. გაქცევისას მან და კიდევ ოთხმა მებრძოლმა კერძო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ის მძღოლს წაართვეს. მოპარულ მანქანით, რომელსაც ბორბლები დაცხრილული ჰქონდა, მოსაზღვრე სოფელში შევიდნენ. მოკლული მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ერთ-ერთმა სამხედრომ სერჟანტს უბრძანა, მოეკლა მშვიდობიანი მოქალაქე. მან მანქანის ღია ფანჯრიდან კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა 62 წლის კაცს თავში. ის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ადგილზე გარდაიცვალა”,– წერია განცხადებაში.
ეჭვმიტანილი შიშიმარინი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლებენ, რაც ომის წესებისა და კანონების დარღვევას გულისხმობს. რუს სამხედროს 10-დან 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი