გრიგოლეთის შემოვლითი გზის ჩათვლით, შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით მგზავრობის საშუალებას იძლევა, რაც სატრანზიტო გადაზიდვების, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ გრიგოლეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, პროექტის მიხედვით კი სამტრედია -გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
პროექტის ფარგლებში შენდება 4 ზოლიანი 14.4 კმ-იანი ასფალტ–ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები.
მიმდინარეობს ყრილის, ქვეშსაგები ფენის, საფუძვლის, ასფალტის საფარის, სახიდე გადასასვლელების ხიმინჯებისა და ბურჯების მოწყობისა და რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟის სამუშაოები.
გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა 228 მილიონი ლარით დააფინანსა.
ადგილზე პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.