უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის რატი შურღაიას ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, ოჯახს სახლი შეიძლება ბანკმა გაუყიდოს.
ჩვენთან საუბრისას ოჯახის ადვოკატი დავით ცინცქილაძე ამბობს, რომ სახლში ამ დროისთვის რატის მამა ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გარდაცვლილის დედა კი იძულებით ემიგრაციაში, პოლონეთში იმყოფება. ვალების გასტუმრების მიზნით იყო წასული პოლონეთშიც რატი შურღია, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამსახური დატოვა და ომში წავიდა.
“ერთ წელზე მეტია რაც რატი შურღაიას ოჯახს სამართლებრივ დახმარებას ვუწევ. საქმე ეხება მათ ერთადერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში. ოჯახს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოუწია სესხის გამოტანა საფინანსო კომპანია “ჯი ეს ეფ ჯგუფი”-სგან. მრავალი წლის განმავლობაში იხდიდნენ ძალიან გაზრდილ საპროცენტო განაკვეთს. ფაქტიურად, კომპანიას ორჯერ მეტი გადაუხადეს, ვიდრე თავდაპირველი სესხი იყო. დღეის მდგომარეობით საფინანსო კომპანია ითხოვს იმ თანხას, რაც თავიდან გამოიტანა შურღაიას ოჯახმა. იმ პერიოდში როცა რატი იბრძოდა უკრაინაში, უკვე მიმდინარეობდა სააღსრულებლო წარმოება. ალბათ, მხოლოდ გამორჩეულ, საკუთარ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ქართველს შეუძლია თავისი ოჯახური პრობლემები გვერდზე გადადოს, მიატოვოს პოლონეთში არსებული სტაბილური სამსახური და ჩვენი ქვეყნისთვის უანგაროდ გაიღოს სიცოცხლე. სასამართლო პროცესები, პირველ ინსტანციაში ჩვენთვის სასარგებლოდ არ დასრულდა. რეალურია, რომ ამ ადამიანის ოჯახს საცხოვრისი აუქციონის წესით გაუყიდონ, რის შემდეგაც ოჯახს გამოსახლებენ”,_ ამბობს ადვოკატი.
ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფოს ვალდებულება დაეხმაროს ომში დაღუპული მებრძოლის ოჯახს, ადვოკატი გვპასუხობს:
“გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპანტი სახელმწიფო არ გააღიზიანოს. არ მგონია, რომ სახელმწიფო ამ ადამიანის ოჯახს გვერდში დაუდგეს. ისევ საფინანსო კომპანიამ უნდა ინამუსოს და გადასახადი შეამციროს. იმ საერთაშორისო საზოგადოების ფონდიდან, ვინც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, უნდა გამოიყოს თანხები, რომ გმირი ადამიანის ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ საცხოვრისის გარეშე. ის რომ ხელისუფლება დაეხმაროს, ძალიან უპერსპექტივოდ მიმაჩნია”.
ავტორი