დღეს, ოზურგეთის სასამართლოში, შედგა ოზურგეთის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის საქმის განხილვა.
ის, 13 მაისს გურიის ადმინისტრაციული შენობის წინ დააკავეს, როცა გურიას პრემიერი ღარიბაშვილი სტუმრობდა და ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვნეს.
__ტელევიზიით ყველამ ნახა, პოლიციელებმა როგორ ჩატენეს მანქანაში. მიზეზი ასე განმარტეს, _ პრემიერ-მინსტრ ღარიბაშვილითან შეხვედრისას დესტრუქციულ ქმედებას გეგმავდაო. შეხვედრის დაწყებამდე, ერთი საათით ადრე დააკავეს, თან იმ დროს ღარიბაშვილი თხინვალის სკოლაში იყო. თათიამ გენერალურ ინსპექციას მიმართა განცხადებით, თუ რატომ დააკავეს. ამის შემდეგ, გუშინ, 16 მაისს დაიბარეს პოლიციაში და უთხრეს, რომ ბრალი ედებოდა 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ მუხლით განსაზღვრულია 15 დღიანი პატიმრობა ან სამიათასლარიანი გირაო. ხვალ, 12 საათზე მოსამართლე გამოაცხადებს განაჩენს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ აბსურდზე მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, _ თქვა ახლახან „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ.
მისივე თქმით, პოლიციელებმა 13 მაისს მეტად შეუფერებელი საქციელი ჩაიდინეს.
_თათიას ქვა არ ეკავა ხელში და ჯოხი. არც არაფერს ამბობდა, ისე მივარდნენ და დაუწყეს ჭიდაობა. ეს ყველამ ნახა. ეუბნებოდნენ, ინფორმაცია გვაქვს, დესტრუქციას გეგმავდიო. ასეც რომ ყოფილიყო, ნუთუ შეუძლებელია, ხუთი კაცი პოლიციელი არ ეჭიდაოს მანდილოსანს? ოზურგეთის პოლიციაში ხომ არიან ქალი პოლიციელები, რომლებსაც ნორმალურად, ადამიანურად შეეძლოთ ქალბატონის იმ ტერიტორიიდან გაყვანა? _ თქვა ქათამაძემ.
ავტორი