პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა. თუმცა, კომიტეტზე გადაწყდა, 14 აპრილის მნიშვნელობისა და სტატუსის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის საკითხზე მსჯელობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბდეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთი უქმე დღის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავენ და სწორედ ამ მიზეზით ვერ გაიზიარებენ საკანონმდებლო წინადადებას 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადების თაობაზე.
14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადების საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე რატი ფუტკარაძემ მიმართა.
საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ 14 აპრილი აღინიშნება, როგორც დედაენის დღე და ეს ტერმინი არ შეესაბამება იმ ისტორიულ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1978 წლის 14 აპრილს, როცა ხალხი ქუჩაში გამოვიდა არა დედაენის დასაცავად, არამედ სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად, ხოლო საქართველოს ხელისუფლება 14 აპრილს ჯერ კიდევ საბჭოური კვალიფიკაციით აღნიშნავს.
„ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 14 აპრილი გამოცხადდება სახელმწიფო ენის დღედ. 14 აპრილი საქართველოს ყველა მოქალაქემ (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად) ერთნაირად უნდა იზეიმოს, როგორც თავისი სახელმწიფო ენის დღე“,- აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.
ინიციატივის ავტორი აღნიშნავს, რომ საბჭოთა ხელისუფლებას 14 აპრილის დედაენის დღედ გამოცხადებით საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის დაშლა უნდოდა.
საკითხს კენჭისყრაზე კომიტეტის მხოლოდ ორმა წევრმა დაუჭირა მხარი, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ და უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
წყარო: interpressnews