პოლიციელების, სამხედრო მოსამსახურეებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებზე უკანონო ზემოქმედების მექანიზმები ფართოვდება, _ ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
“მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონის პროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის თანხმობით ან თანხმობის გარეშე, მსგავსი ფუნქციის მქონე თანაბარ თანამდებობაზე გადაყვანა ტერიტორიულად სხვა ადგილზე. გადაყვანის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ პირვანდელ თანამდებობაზე დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდება და მოსამსახურე უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე, ის გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
წარმოდგენილი კანონის პროექტი საჯარო მოსამსახურეს არ უტოვებს არჩევანის შესაძლებლობას. უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეეძლება თანამშრომელი სხვა ტერიტორიულ ერთეულში იმისდა მიუხედავად გადაიყვანოს, თანახმა იქნება თუ არა ამაზე გადასაყვანი პირი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, საჯარო სამსახურის სტაბილურობა, სახელმწიფო თანამდებობის პირების საქმიანობის დამოუკიდებლობის აუცილებელი პირობაა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონპროექტი შეიცავს ბუნდოვან ნორმებს, რაც მაღალი თანამდებობის პირებს ანიჭებს უკონტროლო და დაუსაბუთებელი მოქმედების შესაძლებლობას და არ გამორიცხავს ნორმის გამოყენებას შესაბამისი პირის „დასასჯელად”.
DRI მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის პროექტის მიღება საფუძველს აცლის საჯარო სამსახურის სტაბილურობის პრინციპს, დაუსაბუთებლად ზრდის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა ძალაუფლებას და უკიდურესად მყიფეს ხდის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა შრომით გარანტიებს”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.