30 მაისის, ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკითხის ირგვლივ: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ, დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა. _ეს არის ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი ზრდა, რომლის ცვლილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 57 მილიონ 47 ათასი ლარი იქნება. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა, იანვრის მდგომარეობით 5 0465 717 ლარი შეადგინა. საკუთარი ნაშთი იყო 1 929 234 ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი 1 1602,58 ლარი, _თქვა მან და ასევე დააკონკრეტა, რომ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის # 754 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 11 135 552 ლარი გამოეყო. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2 627 700 ლარი, _თქვა მან. თითქმის ყველა მუხლზე პუნქტობრივად საუბრისას, მან საგნგებოდ მიანიშნა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ასევე თქვა, რომ ახალი საჩოგბურთო კორტების მშენებლობა დაიწყება მალაზონიას ქუჩაზე. მოხდება ექადიის პარკის რეკონსტრუქცია, ოზურგეთში კი ქალაქის ცენტრში , ჭადრებს ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა. რამდენიმე დეპუტატმა, უმეტესად ნაციონალებმა დასვეს კითხვები.
_პირველ რიგში, მადლობა ევროკავშირს, რომ ეს დაფინანსება მოგვცა, ბიუჯეტი სწორედ ამიტომ გაიზარდა და უნდა დავაკონკრეტოთ, _ თქვა დავით მჟავანაძემ და იკითხა, რატომ არ არის ეს ფაქტი დღის წესრიგის საკითხებში მითითებული.
_დიახ, მადლობა ევროკავშის გრანტებისთვის. რაც ძიმითი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა, როცა კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა ჩაიდეს ფული ჯიბეში და გზას დასრულება არ ეღირსა, იმედია, ეს არ განმეორდება, _თქვა მან.
ნაციონალმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ ჯერ მადლიერება გამოხატა ბიუჯეტის ზრდის გამო, შემდეგ კი ნასაკირალში გასულ წელს დამწვარი საბავშვო ბაღის თაობაზე იკითხა, მოხდებოდა თუ არა მისი რეაბილიტაცია.
_ჩემს საარჩევნო ოლქში, დაიწყება თუ არა საპროექტო სამუშაოები, რომ მომავალი ახალი სასწავლო წლიდან, ბავშვებმა სწავლა შეძლონ? _ ჰკითხა მან ღურჯუმელიძეს.
ასევე ნაციონალმა დეპუტატმა გოჩა შარაშენიძემ ფამფალეთი-ბახვის დამაკავშირებელ გზაზე და მის აუცილებელ რეაბილიტაციაზე დასვა კითხვები.
_ამდენი წელია, მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული გზის დაგებას. ბახვთან დამაკავშირებელ გზაზე, მოსახლეობა მტვერში იხრჩობა. დაიწყება თუ არა საპროექტო სამუშაოები ? – იკითხა მან. შარაშენიძეს პასუხი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბაჩანა ნიჟარაძემ გასცა და თან დოკუმენტები აჩვენა, რომელიც ხელში ეჭირა:
_აი, ეს არის აღნუშნული სამკილომეტრიანი გზის პროექტის გეგმა. პროექტირებაზე უკვე გამოცხადდა ტენდერი, ვაკიჯვარში ამის თაობაზე სპეციალური ჯგუფი იყო ამოსული, _ უთხრა მან შარაშენიძეს.
გიორგი ღურჯუმელიძემ დეპუტატებს დადებითი პასუხი გასცა, რომ აღნიშნული პროექტები , უკლებლივ გახორცილედება. მაღალფარდოვანი, საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა:
_გოჩა შარაშენიძის პასუხად მინდა ვთქვა, რომ (საკრებულოს წევრები, ხშირად საუბრობენ ასე ნიშნისგებით და არა კოლეგიალურად) ბიუჯეტში ცვლილებების შეტან ნიშნავს, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, მოსახლეობისთვის დანაპირების ასრულებას! „ქართული ოცნება“ ისტორიულ მასშტაბზე გადავიდა! _ ერთგვარი პათოსით წარმოთქვა მან, რაზეც დეპუტატთა ნაწილმა ტაში მიაგება.
„ევროკავშირმას გრანტი მოგვცა, თალაკვაძე რა შუაშია? _ ისროდნენ რეპლიკებს ნაციონალი დეპუტატები. დადგენილებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
ავტორი