ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დღეს ძმები გურამ და დავით კაკულიები საქართველოში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ დანაშაულში მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ძმებ კაკულიებს გაგარინის ქუჩაზე შეხვდნენ. ოჯახი ნიკა კვარაცხელიას საქმეში ძმებ კაკულიების როლის დადგენას ითხოვს.
კვარაცხელიას საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ მან არ იცის, ოჯახი რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, მათთვის უცნობია, კაკულიები კვარაცხელიას მკვლელობის დღეს იყვნენ თუ არა თბილისში და შეხვდნენ თუ არა მკვლელობის შემდეგ დანაშაულში მსჯავრდებულებს.
დაიკითხებიან თუ არა კაკულიები კვარაცხელიას საქმეზე, პროკურორი კითხვას კონკრეტულად არ პასუხობს. ამბობს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.
კაკულიებს ბრალი კვარაცხელიას საქმეზე წარდგენილი არ აქვთ, თუმცა კვარაცხელიას ოჯახი მათ მკვლელობის შემკვეთებად ასახელებს.
ძმებ დავით და გურამ კაკულიებს, რომლებიც 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
წყარო: 1tv.ge