ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა ერთ ისტორიას ხშირად იგონებდა.
„1968 წელია. მე და ზურიკო ქაფიანიძე მოსკოვში ვართ. სისხლი გვიდუღს. არც თუ ისეთი ცუდი გარეგნობა გვაქვს, თანაც, „ჯვარცმულ კუნძულში“ უნდა გადაგვიღონ და რომ იტყვიან, ქვეყანა ჩვენია. ზურიკომ, გვარს არ დავასახელებ და, მომავალში ძალიან ცნობილი საბჭოთა აქტრისა „დააბა“. ის მაშინ სტუდენტი იყო და მოსკოვის ცნობილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობდა თავის თანაკურსელ გოგონასთან ერთად, ორადგილიან ოთახში. პიკანტურ წვრილმანებს გამოვტოვებ და ვიტყვი, რომ ზურიკომ სტუმრის ბარათი „იჩალიჩა“, რაც უფლებას აძლევდა, ღამით თავის „დასთან“ დარჩენილიყო საერთო საცხოვრებელში. საერთოში შეპარვა და ოთახში ღამით დარჩენა, მეც მოვახერხე. მაგრამ, სტუმრის ბარათი არ მქონდა და ვინმეს რომ აღმოვეჩინე, არც მე დამადგებოდა კარგი დღე და მით უმეტეს, არც ოთახის დიასახლისებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაინცდამაინც ჩვენი სტუმრობის მეორე დილას, საერთო საცხოვრებელში დიდი „შმონი“ ჩატარდა. ეს კი ასე ხდებოდა – არასაუწყებო დაცვის ასეული საერთო საცხოვრებელს ალყაში აქცევდა და ყველა იქიდან გამსვლელს საბუთებს უმოწმებდა. ვინც „იქაური“ არ იყო, აკავებდა და მილიციაში მიჰყავდა. ამის პარალელურად კი, ოთხ-ოთხი „ჟლობისგან“ შემდგარი ჯგუფები კარდაკარ დადიოდნენ – ოთახებში შედიოდნენ, იქაც საბუთებს ამოწმებდნენ და დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად, მასპინძლებსაც აკავებდნენ. მათ კი უკვე, შიდაგანაწესის დარღვევისთვის, საცხოვრებლიდან აგდებდნენ. „შმონის“ ჯგუფებს არაფერი ეპარებოდათ და ვერსად დაემალებოდი, რადგან ყველაფერს ამოწმებდნენ. კარს თუ არ გააღებდი, ისინი თავისი გასაღებით აღებდნენ. ერთი სიტყვით, საშველი არ იყო და როცა კარზე მოაკაკუნეს, ოთახის დიასახლისები გაფითრდნენ. ჩემს პარტნიორს ცრემლები წამოსცვივდა და იმეორებდა: ქუჩაში დავრჩი, საცხოვრებლის გარეშეო.
– ნუ გეშინია. აქ ვერ მომაგნებენ, – დავამშვიდე მტირალი და სანამ ზურიკო და დიასახლისები გონს მოეგებოდნენ, ფანჯარა გავაღე და მეჩვიდმეტე სართულის კარნიზზე გადავძერი. მის ქვეშ სამოცმეტრიანი უფსკრული იყო და ხელით ვანიშნე მათ – მიხურეთ-მეთქი.
შემდეგ ასეთი რამ მოხდა: „ამბლებმა“ საეჭვო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს ოთახში და წასვლას აპირებდნენ, ჯგუფის უფროსს ახალბედასთვის უთქვამს: აბა, ერთი გარეთ გაიხედე, კარნიზზე ხომ არავინ დგასო. ჰოდა, როცა იმ ბიჭმა გამოიხედა და დამინახა, ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, შევეცოდე და უფროსს უთხრა, არავინააო. ეს რომ ზურიკომ და გოგონებმა გაიგონეს, იფიქრეს, ალბათ, გადავარდაო და სამივეს ერთად წაუვიდა გული. ატყდა ხმაური. უცებ ოთახში მე შევედი ფანჯრიდან და გაოგნებული „ამბლების“ თვალწინ, სამივე გულწასულს მოსულიერება დავუწყე. გოგონებმა რომ ცოცხალი დამინახეს, მეორედ წაუვიდათ გული. ზურიკომ კი, ცოცხალი რომ დამინახა, ჯერ მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ ავაზასავით წამოხტა და ოთხივე „ამბალი“ ისე დაზილა და დაალილავა, რომ მილიციის ხუთი მანქანა გამოიძახეს და ისე წაგვიყვანეს განყოფილებაში. სასჯელისგან ბატონმა გია დანელიამ დაგვიხსნა, რომელიც უკვე ცნობილი კინორეჟისორი იყო. იმ წელს „არ დაიდარდოს“ იღებდა და ზურიკოსაც შესთავაზა როლი ამ გენიალურ ფილმში“.
ავტორი