დევნილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქუთაისში სოხუმური ყავის არომატით დაიწყო, რაც უკვე ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით 20 ივნისის ტრადიციაა.
„სიყვარულის ბაღში“ ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, რომლების უმრავლესობაც აფხაზეთიდანაა, სტუმრებისთვის სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროსთან“, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი ინტერაქციით (სახელოსნო ღია ცის ქვეშ), თოჯინების თეატრის წარმოდგენა და მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
მადლობის სერთიფიკიტები გადაეცათ ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას, საკრებულოს დეპუტატს გიგა შუშანიას, ქალბატონ ნინო თვალთვაძეს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრს “ბიჭვინთა”, “მაკდონალდსის” ქუთაისის წარმომადგენლობას, რამდენიმე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხების გადაწყვეტაში.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ უკვე 25 წელია აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
(R)