ინგლისის პლასტიკური ქირურგების ასოციაციამ საკუთარ ვებგვერდზე საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ვებგვერდის სტუმრებს უნდა გამოერკვიათ ყველაზე უშნო, ნაკლებად მიმზიდველი და არასიმპათიური ვარსკვლავი. გამოკითხვაში 1 300-მდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა და რეიტინგში – „ყველაზე უშნო ვარსკვლავი“ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
პირველი ადგილი და შესაბამისად, ყველაზე უშნო ვარსკვლავის ტიტული ბრიტანელ როკერს – იგი პოპს ხვდა წილად. იგი „ცოცხალი ლეგენდის“ და პანკ-როკის ნათლიმამის სტატუსს ატარებს და დღემდე სცენაზე ნახევრად შიშველი გამოდის. იყო პერიოდი, როდესაც იგი სცენაზე გატეხილი ბოთლებით სხეულს ისერავდა და ამით შოკში აგდებდა მსმენელს. ცნობილია, რომ იგი პლასტიკური ქირურგიის კატეგორიული წინააღმდეგია და მისი ნაოჭებიანი სახე და სხეული ამჟამად ნაკლებად მიმზიდველია.
მეორე ადგილზე ერთ დროს მომხიბვლელი ტოპ-მოდელი და „ფლეიბოის“ მოდელი – ჯოდი მარში გავიდა. ბრიტანელი გლამურული მოდელი – ჯოდი ისე გაერთო სილამაზის დევნაში, რომ დღესდღეობით მისი სილიკონიანი სხეული უფრო ზიზღს იწვევს, ვიდრე – მოწონებას. იდეალურ სექსუალურობაზე მეოცნებე მარში ერთ დროს ბრიტანეთის ყველაზე სასურველ ლამაზმანად ითვლებოდა. თუმცა, 2007 წელს მისმა მორიგმა ბოიფრენდმა, ბრენტვუდელმა დიჯეიმ – დევიდ დოილმა ის ალკოჰოლიზმსა და პირადი ჰიგიენის დაუცველობაში დაადანაშაულა. მას შემდეგ მარშის სექსუალურობის მითი დაიმსხვრა.
დიადი ჯანი ვერსაჩეს უმცროსმა დამ, ასევე, დიზაინერმა და სახელოვანი ძმის საქმის გამგრძელებელმა, დონატელა ვერსაჩემ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. მინიატურული აღნაგობის (162 სმ) დონატელას უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გადატანილი, რათა „მოწიფულ“ ასაკშიც ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. თუმცა, მის შემთხვევაში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ დონატელას მეტისმეტი მოსდის, რაც მის გარეგნობას უფრო აუშნოებს, ვიდრე ალამაზებს. ერთ დროს ჯანი ვერსაჩეს მუზა და საუკეთესო მრჩეველი დონატელა მსოფლიოში განთქმულ დიზაინერებს შორის სიუშნოვით გამოირჩევა.
მეოთხე ადგილზე გასული ამერიკელი პრომოუტერი და მაღალი წრის საზოგადოებაში ცნობილი დევიდ გესტი, მსოფლიოში ლაიზა მინელის მეოთხე ქმრის სტატუსით გახდა ცნობილი. მანამდე იგი ნაკლებად ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი იყო, რომელიც „ჯეკსონ 5-თან“ თანამშრომლობით იწონებდა თავს. ლაიზა მინელისთან ერთწლიანი თანაცხოვრება გესტისთვის წარუმატებელი გამოდგა, პოპულარობასთან ერთად მან მინელის ქონების ნაწილის მისაკუთრებაც მოინდომა და ცოლი ალკოჰოლიზმსა და ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა სასამართლომ გესტის ბრალდებები უსაფუძვლოდ სცნო. გესტი იმით არის ცნობილი, რომ მას რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული სახეზე და არაერთხელ აქვს ის შეცვლილი. გესტის ახალგაზრდობის ფოტოებს ვინც იხილავს, ვერავინ იფიქრებს, რომ ახლანდელი გესტი და მაშინდელი ერთი და იგივე ადამიანია.
მეხუთე ადგილზე გასული შერილინ სარქისიანი, ანუ უბრალოდ შერი, რეიტინგის ყველაზე ტიტულოვანი წევრია. მისი ჯილდოების კოლექციაშია – „ოსკარი“, „გრემი“, „ემი“ და სხვა უამრავი. შერის სასცენო კარიერა თითქმის 50 წელია, გრძელდება და სწორედ ახალგაზრდული იმიჯის შენარჩუნების მიზნით, მას გადატანილი აქვს ათობით პლასტიკური ოპერაცია. თავისი არაორდინალური და საკმაოდ თამამი ჩაცმის სტილით, შერი სხეულის პიკანტური ადგილების ჩვენებასაც არ ერიდება კამერების წინ. საინტერესოა, რომ შერის ქალიშვილი – ჩესტიტი, პლასტიკური ქირურგის ხშირი სტუმარია, ოღონდ სულ სხვა კუთხით. 2010 წელს ჩესტიტიმ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ოფიციალურად გახდა მამაკაცი.
ავტორი