მრავალი ჩინებული მსახიობი გვყავდა ქართველებს. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.
დღევანდელი წერილის დასაწყისში გიორგი გეგეჭკორი მინდა რომ გავიხსენო და სიტყვას მსახიობ ჯემალ ღაღანიძეს გადავცემ.
“გოგის ხსოვნისას ისეთი დარდი შემომაწვება ხოლმე, როგორც საკუთარი მშობლების მოგონებაზე. ძალიან ახლოს ვიყავით. საოცრად გულისხმიერი კაცი იყო. თეატრში მოსვლისთანავე “ფილოსოფიის დოქტორში” მომცეს როლი. ამ კომედიაში მონაწილეობდნენ: ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე. ამხელა მსახიობებთან თამაში როგორი საქმეა! ბატონი გოგი დიდი პროფესიონალი იყო. გავიდა დრო. ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით, ორმოცი ქვეყანა მაინც გვაქვს ერთად მოვლილი გასტროლებით.
ძალიან გამიმართლა, რომ რობერტ სტურუამ “მაკბეტში” მათამაშა. მე, გურამ საღარაძე და ბატონი გოგი ალქაჯებს ვასახიერებდით. ლენინგრადში წავიღეთ “მაკბეტი”. სპექტაკლის შემდეგ ბანკეტი გაიმართა. ანატოლი სობჩაკი იყო თამადა. ფეხზე წამოდგა – ახლა, სპექტაკლში მონაწილე ქალებს გაუმარჯოსო. მე, გურამი და გოგი ერთად ვისხედით კუთხეში. ბატონმა გოგიმ, ერთი, ავდგეთ ფეხზეო – გადმოგვილაპარაკა. ავდექით. სობჩაკმა – ეს კაცები რატომ დგანან ფეხზეო. ეგენი “მაკბეტის” ქალები არიანო, – აუხსნეს.
გოგი გეგეჭკორს ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა, ძალიან მომთხოვნი იყო, როცა საქმე თეატრს შეეხებოდა, არავის არაფერს აპატიებდა. მეგობრობაში ლხინის მოთავე იყო, მით უმეტეს – გასტროლებზე. ქალბატონი ნათელა უხვად გამოატანდა ყველაფერს. თავის ნომერში ინახავდა, სპექტაკლის შემდეგ აუცილებლად დაგვიძახებდა, უჩვენოდ პირში ლუკმას არ ჩაიდებდა.
ფილმს იღებდნენ, “ჩემი მეგობარი ნოდარი”. ქუთაისში გვქონდა გადაღებები. გოგის გვერდით ცხენი მიჰყვებოდა. უცებ ეს ცხენი წასწვდა და უკბინა. გოგი ისე ადამიანურად დაელაპარაკა, ისე გამოხატა აღშფოთება – რას შვრები, კაცო, შენო? უმალ მიხვდებოდი, როგორი გული ჰქონდა.
ავად რომ გახდა, საავადმყოფოში ვინახულეთ მე და რამდენიმე მეგობარმა. პლაკატები გვაჩუქა თავისი ხელმოწერით. ისეთ მხიარულ გუნებაზე იყო, ვიფიქრე: – არ შეიძლება ამას რამე სტკიოდეს, ეგებ ექიმი შეცდა-მეთქი. არადა, ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ახლა მე მის სარკესთან ვიკეთებ გრიმს და ეს დიდი პატივია ჩემთვის. სარკესთან მისი სურათი დავკიდე”.
ბატონი ჯემალის შემდეგ ქალბატონი დოდო ჭიჭინაძის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.
“თეატრში ახალი მისული ვიყავი. მარჯანიშვილის გარდაცვალების დღისათვის გუცკოვის “ურიელ აკოსტა” უნდა აღვედგინა. ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძე გადაღებაზე ბრძანდებოდა საზღვარგარეთ. მის მაგივრად ივდითის როლი მე უნდა მეთამაშა.
დადგა სპექტაკლის დღე. მეორე სურათს მე ვიწყებ. კიბეებზე ვზივარ. ფარდა უნდა გაიხსნეს, მე კი ერთი სიტყვაც აღარ მახსოვს, ტვინზე რაღაც გადამეფარა, ვკანკალებ. ბინდში მიდის მუსიკა, ახლოვდება ჩემი მუსიკალური ფრაზა, კიდევ ერთი წამი და წამოვვარდები, გავიქცევი სცენიდან და აღარასოდეს დავბრუნდები. უცებ მესმის ჩახლეჩილი ხმა და მშვიდი კარნახი: “ცხოვრების სიბრძნე მიუწვდომი თილისმა არის” – ჩემი პირველი სათქმელი ფრაზა. რა იყო ეს, ღმერთო! ქალბატონი სესილია თაყაიშვილი მკარნახობდა. დავიწყე და ისე დამთავრდა წარმოდგენა, არაფერი შემშლია.
გამოვედი კულისებში, ქალბატონი სესილია სკამზე იჯდა, თურმე მთელი სპექტაკლის განმავლობაში ფეხი არ მოუცვლია. ჩავეხუტე და ავტირდი. ვეკითხები: როგორ მიხვდით, რომ შეიძლებოდა ასეთი რაღაც მომხდარიყო-მეთქი. გაეცინა, მომეფერა, შე დურაკო (ამ სიტყვით გვეფერებოდა), მსახიობი ვარ და ვიცი, რა საშინელებაა სცენაზე სხვის მაგივრად როლის თამაში, თანაც ასეთი როლის. იცოდე, მსახიობობაში რამეს რომ მიაღწიო, უმძიმესი შრომაა საჭირო”.
ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს სიტყვა კიდევ ერთხელ მივცეთ და მსახიობი გიორგი შავგულიძე გავიხსენოთ.
“სურათს “დავით გურამიშვილი” ვიღებდით. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გურამიშვილს (შავგულიძე) ქეთევანისთვის (ჩემთვის) უნდა ეკოცნა. ჟორა დაიხარა კიდეც, მაგრამ ტუჩები ჩალურჯებამდე მქონდა მოკუმული. რეჟისორმა შავგულიძეს შორიდან დაუყვირა: “რა არის კაცო, ქალისთვის არ გიკოცნია ჯერ?!” “ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არა” – მიუგო შავგულიძემ.
საერთოდ, ჟორასთვის სულ ასე “ბჟღარტი” ვიყავი, ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს, როგორც ქალისთვის… ჟორა შავგულიძე უპატიოსნესი კაცი იყო მეგობრობაში. მიუხედავად იმისა, რომ მილიონი ქალი იყო მასზე შეყვარებული… იმდენად ვუყვარდი და სუფთა იყო ჩემდამი მისი დამოკიდებულება, არასოდეს მიგრძვნია, ქალი თუ ვიყავი მის თვალში. ამიტომ მიყვარდა იგი როგორც ჩემი უფროსი ძმა”.
ბატონი ბორის წიფურიაც არ დავივიწყოთ და თბილისში თავის დროზე გავრცელებულ ორ სახალისო ისტორიას შემოგთავაზებთ.
“ერთხელ ცირკის დირექტორმა ბორის წიფურიამ რუსთაველის თეატრში “ხანუმაზე” 13 ლილიპუტი გოგონა მიიყვანა. დარჩენილი ყოფილა პირველი რიგის ოთხი ბილეთი. ყველანი იქ მოუთავსებია. თურმე, მთელი დარბაზი მათ უყურებდა. ეს იშვიათი სტუმრები არც სცენიდან გამორჩენიათ. როლში შესულ ეროსი მანჯგალაძეს უთქვამს: “ორი უღელი კამეჩი რომ მოვლალევი, ისეთი პატარები იყვნენ, ისეთები, რომა, აი, როგორც, აი, ჩვენი სტუმრები არიან”. დაწყვეტილან სიცილით.”
“ბორისმა თავისი ავტომანქანა “ვოლვო” გაყიდა. დიდხანს იფიქრა, ფული სად შეენახა. ბოლოს მოიფიქრა – ქალის “ჩულქებში” ჩაედო ხახვთან და ნიორთან ერთად და აივანზე ჩამოეკიდა. ასეც მოიქცა. ბანკნოტები გაზეთის ნახევებში შეახვია და ხახვ-ნიორში ჩადო. ასხმა აივანზე გაჰკიდა. მეორე დღეს მოსკოვს გაეგზავრა. რეკავს თბილისში დედასთან.
– დედა, მოსკოვში ვარ, საქმეები მქონდა, ვერ დაგირეკე.
– დიდუ, რა კარგია, მოსკოვში რომ ხარ! იყავი მანდ, ნუ ჩამოხვალ ერთ-ორ დღეს. ინგრევა აქაურობა, იმისთანა ქარიშხალია, სახლებს სახურავები ახადა, აივნებიდან ტაშტები და ვედროები ცვივა.
ბორისს კინაღამ გული გაუჩერდა.
– დედა, წადი ჩემთან სახლში და ნახე, ხახვი და ნიორი თუ ჰკიდია აივანზე.
– მთვრალი ხარ? რა ხახვი? ხახვი კი არა, ხალხი მიაქვს ქუჩაში ქარს.
– წადი, ნახე, შენი ჭირიმე, ხახვი თუ კიდია აივანზე…
– ვერ წავალ, გაგიჟდი?
– სხვა რამე კიდია, სხვა რამე. დედა, ჩემი “ვოლვო” გახსოვს? მერე, ის “ვოლვო” რომ გავყიდე, ხომ გახსოვს? ჰოდა, ახლა ის იქ კიდია, ხახვში…
ცოტა ხნის შემდეგ აცახცახებულ ბორიას ტელეფონში დედის ხმა ესმის: – კიდია, დედა, მაგრად კიდია!”
ავტორი