დღეს, დილიდან, ოზურგეთის ქუჩებსა და მაღაზიებში აქტიურად საუბრობდნენ შაქრისა და პურის კვლავ გაძვირებაზე.
მომხმარებლები განსაკუთრებით შაქრის ფასის კვლავ სწრაფად მატების გამო ბრაზობდნენ.
_ერთი კილოგრამი შაქარი კვლავ სამი ლარი ღირს. მოვიარე მარკეტები, ბაზრის მაღაზიები და ორ დახლზე ვნახე 2.75 ლარად. ცოტა მურაბა და კომპოტი ხომ უნდა გააკეთოს ადამიანმა? თხილის ფასი დასწიეს, თან ხმებს აქტიურად ყრიან, რომ ფასი ამ სეზონზე დაბალი იქნება. შაქრის ფასი ასწიეს, სეზონი რომ ძალაში შედის, კიდევ უფრო უმატებენ. თქვენ აგიწიოთ შაქარმა… ჩოხატაურიდან ჩამოვედი, ყველი ჩავაბარე. ვიფიქრე, შაქარი, იქნებ, ცოტა იაფად ვიყიდი-მეთქი…გეკადრება? _ ბრაზობდა ჩოხატურელი ნუნუკა ბერძენიშვილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ყველის ფასით, _ ერთი კილოგრამი ცხრა ლარად ჩავაბარე და შვიდი ლარი კი მიღირს ყველაფრიანად… რა მინდოდა, აქ რომ წამოვედიო.
„გურია ნიუსი“ არაერთ მარკეტს ეწვია. შაქრის ფასი მართლაც ყველგან სამ ლარამდეა (ზოგან 2,95 ლარი ღირს) გაზრდილი. მხოლოდ სამი სავაჭრო წერტილი ვნახეთ, სადაც ერთი კილოგრამი 2,75 ლარი ღირდა.
წინა თვეებთან შედარებით, დაბალია რძის ნაწარმის ფასი. დღეს, დილით, ერთ კილოგრამ ნადუღს სამ ლარად აბარებდნენ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული ქალბატონები. ერთ კილოგრამ ყველს კ ი _ 8 ლარად. შესაბამისად, ბაზარში ერთი ლარით მეტია სარეალიზაციო ფასი.
_ქატო ისეა გაძვირებული, მარილიც კი, პირუტყვის მოვლა და შენახვა აღარც ღირს. ყველის გაყიდვაც არ ღირს, რომ იანგარიშებ, მაგრამ არაა საშველი. ორიოდე კილოგრამი შაქარი ხომ უნდა იყიდო? სამ კილოგრამ ალუბლის მურაბას რომ ვერ გააკეთებ სეზონზე, რა გინდა რომ თქვა… _ გვითხრა ქალბატონმა ვალია ლომჯარიამ.
ოზურგეთის ბაზარში შეხვდებით ისეთ შემოთავაზებებსაც, როგორიცაა ქათმის წიწილების ნისიად გაცემა.
„თხილობამდე ნისიად გაგატანთ. შაშვის ტოლას ექვს ლარად, ერთი კვირისას _ ლარად,“_ ასე ცდილობენ მომხმარებლის მიზიდვას შინაური ფრინველის გამყიდველები.
ავტორი