ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების კალაპოტი რომ აოხრებულია, ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიების მიერ, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.
დღეისათვის, აქ, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გრძელდება ქვა-ღორღის მოპოვება და მდინარის კალაპოტის შეცვლის და მარცხენა მხარეს გადაგდებით, უზარმაზარი ქვაბებია წარმოქმნილი. ან პირიქით, ინერტული მასალის ამოღების არეალი იმდენად არის გაფართოებული, რომ ტერიტორიას, რომელიც, დაახლოებით 70 ჰა ფართობია, თვალსაც ვერ მიაწვდენ ბოლომდე.
_თუ გინდა წარმოიდგინოთ ჯოჯოხეთი ან ბავშვობაში თუ რაიმე საშინელი სიზმარი გინახავთ, ჩადით ნატანების ხეობაში. აქ 70 ჰა-მდე კალაპოტის ფართობი საჯიჯგნად აქვთ მიგდებული უცხოური კომპანიისთვის. ასეთი რა ავტობანი შენდება, რომ ააოხრეს ყველაფერი. ნახეთ, კიდევ ერთხელ ნახეთ! .მდინარე ყანებისკენ გადაჩეხეს და ფსკერზე გზა გაჰყავთ.. სადაც ნატანები მიედინებოდა, იქ ახლა გზა გააკეთეს და უამრავი მძიმე ტვირთმზიდი ტრაილერი დაჰქრის. სოფელს თუ უკეთებენ რაიმეს, ზარალის მეტს? _ გვიკავშირდებიან სოფელ მერიის მცხოვრებლები.
აქ, მდინარე ნატანების კარიერზე, თურქული კომპანია „პოლატი“ ქვა-ღორღის ამოღებას აწარმოებს, რაც შეკვეთილთან , ურეკის სიახლოვეს, ავტობანის მშენებლობისთვის გადააქვთ.
_არაერთხელ გვითქვამს, რომ გზების მშენებლობას და ზოგადად აღმშენებლობას არავინ ეწინააღმდეგება. თუმცა, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე თუ ავტობანია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მნიშვნელობისა ჩვენი მდინარეები, ხეობები , რაც როგორც ბუნების, ისე ადამიანის სიცოცხლის გარანტია, _ ამბობენ ეკოდამცველები.
ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ ზღვიდან 20 კმ-იან ზოლში კანონით არის აკრძალული ინერტული მასალის მოპოვება. თუმცა, აღნიშნული ავტობანის მშენებლობის გამო, კანონში ცვლილება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით მოხდა, რაც საკმაოდ ართულებს ვითარებას.
როგორც ცნობილია და „გურია ნიუსი“ ამის თაობაზე არაერთხელ წერდა, ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანია „პოლატმა“ სახელმწიფოს წინაშე დასვა საკითხი. შინაარსი ასეთი სახის იყო _ არსებული ქვიშა-ხრეშის მარაგი, არ ეყოფოდა ავტობანის მშენებლობას და დამატებითი რესურსი უნდა შექმნილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას. სწორედ ამიტომ მოხდა სასწრაფო წესით კანონში ცვლილების შეტანა და აღნიშნულ კომპანიას სექტემბრამდე ულიცენზიოდ მუშაობის ნება დართეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სწორედ აღნიშნული ვითარების გამო, თავიდან გაგებით მოეკიდნენ გადაწყვეტილებას. თუმცა, ახლა წუხან არსებული მდგომარეობის გამო და ამბობენ, რა მასშტაბიც აქ ქვა-ღორღის მოპოვებამ ახლა მიიღო, სავარაუდოდ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს კონკრეტულ ავტობანს სჭირდება.
_ბარბაროსობას სჩადიან! მდინარე ნატანების ფსკერი გაათავისუფლეს. კალაპოტი მთლიანად შეაცვლევინეს მდინარეს, მარცხენა მხარეს მიაგდეს. ახლა ექსკავატორები ექსკავატორები დგანან და მძიმე კოვშებს გამალებით ურტყამენ იმ მდინარის ყოფილი ფსკერის მონაკვეთებს, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ, ნატანები თავის ბუნებრივ კალაპოტში მიედინებოდა. კოვშებს იმიტომ ურტყამენ, რომ ტკეპნიან, რათა გზა გაამაგრონ. დანარჩენ ორ მხარეს კი თხრიან და ქვესკნელში მიძვრებიან. ავტობანს კი არა, ეკვატორისხელა გზას დააგებდა აქედან გაზიდული ინერტული მასალა. ეს, როგორც ხალხი ეძახის, ქვასატეხები ნახეთ! „დრაბილკების“ 24 საათიანი რახრახით გვიმტკიცებენ, რომ ჩვენი ქვები ოქროზე მეტ შემოსავალს აძლევს აქ შემოსეულებს, – ბრაზობენ ადგილობრივები.
„გურია ნიუსი“ კარიერის ტერიტორიაზე მივიდა და იქ მომუშავე ტრაილერების მძღოლებს გაესაუბრა. უმეტესობამ ქართული ენა არ იცის. არც რუსული. მხოლოდ ორმა მძღოლმა გვიპასუხა ქართულად:
_მე ავთო ბერიძე ვარ. ოთხი მანქანა აქედან ლაითურში ეზიდება ხრეშს. იქ, პირველ მიკრორაიონში გზა კეთდება. რახანია მოსახლეობა ითხოვს. პატარა მანქანები ვერც გადაადგილდებიან. მე იქ ვცხოვრობ და გვიხარია, რომ იქნებ, საშველი დაადგეს მაგ გზის გაკეთებას. რახანია ვითხოვთ, _ გვითხრა ბერიძემ.
_ავტობანის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაოო და 20 კილომეტრიან ზოლში, რაც კანონით აკრძალული იყო, სასწრაფო წესით შეიცვლა. კომპანია “პოლატს” მთავრობის განკარგულებით მიეცა წიაღის მოპოვების უფლება მდ. ნატანებზე. გვესმის , ავტობანი აუცილებელია, მაგრამ მდინარე, ხეობა არაა სახელმწიფო მნიშვნელობის? ვანდალურად აოხრებული მდინარე რომ ნატანს ვეღარ ჩაიტანს ზღვაში და იქ კიდევ სანაპირო ზოლის ეროზიაა დაწყებული…ყარონ მერე ქვა–ღორღი სანაპიროზე. მოპოვება უნდა ხდებოდეს გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად...
კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, კონკრეტულად, ინერტული მასალების მოპოვებას ეხება და კრძალავს ზღვის, წყალსატევისა და მდინარის მკაცრი ზედამხედველობის ზოლებში ინერტული მასალის მოპოვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინერტული მასალების მოპოვება აუცილებელია ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირებისთვის, _ გვითხრა გარემოსდამცველმა ირმა გორდელაძემ.
_ანალოგიური მდგომარეობაა ბაილეთი-სილაური მამათის სანაპირო ზოლში, მდინარე სუფსაზე. მეტიც, ლესა-ოზურგეთის დამაკავშირებელი ბეტონის საფარიანი გზა თავიდან დასაგები გახდება. ოზურგეთისკენ მიმავალი ადამიანები, „პროტივზე“ დადივართ, რადგან კარიერიდან ამოსულმა ხრეშით დატვირთულმა მანქანებმა დახეთქა გზის მარჯვენა მხარე. მარცხენა ნაწილს, შედარებით, არაუშავს. უკან ცარიელი ბრუნდებიან და უძლებს, ჯერჯერობით… _ გვწერენ ბაილეთიდან ადგილობრივები და ითხოვენ, სოფელში ხშირად ავიდეთ.
„გურია ნიუსი“, სილაურის კარიერებზე იმდენჯერ იყო და აშუქებდა, სათვალავიც კი აგვერია. ჩვენი ინფორმაციით, დღესდღეობით, სილაურში, სუფსის კარიერზე არავინ არ მუშაობს. ამჯერად ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ბაილეთში, გიორგი ქათამიძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა ხდება მდინარის ხეობაში თუ მიმდებარედ.
_ დღეს სუფსის კალაპოტში, სილაურის კარიერზე, არცერთი ქვა-ღორღის მომპოვებელი კომპანია არ მუშაობს. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ახლა აქ არცერთი მანქანა არ მუშაობს. როგორ იმუშავებს? წავიდნენ აქედან. შესაძლოა, რაიმე ტექნიკა ჰყავთ დატოვებული. შესაბამისად, იქ ყარაულიც ეყოლებათ. თუმცა ინერტული მასალის მოპოვება იქ აღარ ხდება. რაც შეეხება გზას, ნამდვილად არის დახეთქილი და გაფუჭებული. თუმცა, ეს არის მაშინდელი, გასულ წლებში როცა მუშაობდნენ. მე როგორც მაქვს ზეპირი ინფორმაცია, ეს გზა უნდა გაკეთდეს. მეტს ვერაფერს გეტყვით… _ გვითხრა გიორგი ქათამიძემ.
სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების მასშტაბური კარიერის ქვემოთ, კიდევ ერთ კარიერია გახსნილი, სადაც ასევე დიდი მონდომებით მუშაობენ ქვა-ღორღის მოპოვებისთვის. ადგილზე ორი ექსკავატორი დაგვხვდა. თუმცა ისინი მდინარის გაღმა მხარეს იდგნენ. სავარაუდოდ, მყუდრო პოზიცია ჰქონდათ არჩეული.
ადგილობრივები ამბობენ, რომნ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ კარიერს კონკრეტული პირი ,სხვისი სახელით აკონტროლებს და მუშაობს. და ეს პირი ხელისუფლების მაღალ წრეებთან არის დაკავშირებული.
მდინარე ნატანების სიგრძივი კალაპოტის გასწვრივ, რომელიც გადაგდებულია საყანე ფართობების ზოლის მიმდებარედ, გამუდმებით ხდება მიწის ჩამოქცევა.
_აქ უამრავი სოფლის საყანე ფართობები ესაზღვრება ერთმანეთს. ესენია: ოზურგეთი, გურიანთა, ბოხვაური, ექადიის უბნის მოსახლეობის ფართობი…ადრე ამ ადგილებს ჭალას ვეძახდით. ჩახვიდოდი მდინარის ნაპირას, დაისვენებდი, ხელს დაიბანდი, ბოსტნებიც ჰქონდა ხალხს, წყალს აიღებდი მოსარწყავად…ახლა ისე დააღრმავეს მდინარის კალაპოტი და მი უშვეს ამ საყანეების გასწვრივ, ყოველდღე ხდება ჩამოქცევა. მხოლოდ გადახედვა შეიძლება ნაქცევებს ზემოდან და ჩასვლა რომ დააპირო, შეიძლება ქვესკნელში გადაიჩეხო და კისერი მოიტეხო. რამდენიმე კილომეტრზე მდინარეს ნაპირი აღარ აქვს..არაა ეს სატირალი?_ ამბობენ ადგილობრივები.
ავტორი