River Bar Chokhatauri _ ასე ჰქვია დასვენებისა და გართობის ახალ სივრცეს, რომელიც ჩოხატაურში, ჩოხატაური-გუთურის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 8 ივლისს გაიხსნა. River Bar Chokhataruri-ის მეპატრონე, ჩოხატაურელი შალვა ცინცაძეა.
როგორც ბატონმა შალვამ გვითხრა, ამ სივრცის მოწყების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ზაფხულში მეუღლესთან ერთად მსგავს სივრცეში დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ ჩოხატაურში ვერ იპოვა.
“იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ფეხმძიმე მეუღლემ მთხოვა, სადმე გავსულიყავით, კოქტეილი დაგველია, დაგვესვენა. წავედით, ერთ-ერთ კაფეში, ძალიან კარგი სივრცე დაგვხვდა, მაგრამ არ იყო ისეთი, სადაც მყუდროდ ვიგრძნობდით თავს. პირველი იდეა მაშინ დაიბადა. ვთქვით, რომ გაგვეკეთებინა Beach ბარი. მაგრამ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვგეგმავდით, მდინარის ნაპირზე არ ხერხდებოდა. აწარმოე საქართველოს სუბსიდერებით, კრედიტითა და საკუთარი სახსრებით შევძელით გაგვეკეთებინა ის, რასაც ხედავთ. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ დასახვეწია, რასაც ეტაპობრივად გავაკეთებთ. ეს არ არის არც რესტორანი და არც ღამის კლუბი. ჩემი შეხედულებით, ეს არის რეკრეაციული ზონა, სადაც არის კაფის და ბარის მომსახურების ელემენტები, ცოტა მეტი, _ ამბობს შალვა ცინცაძე.
როგორც ბატონმა შალვამ გვითხრა, River Bar Chokhatauri ბევრ საინტერესო ამბავს ჰპირდება ჩოხატაურელებს და ყველა სტუმარს.
River Bar Chokhatauri ოთხი სივრცისგან შედგება _ კაფე-ბარის, ჰამაკების, პუფებისა და საცურაო აუზის სივრცე.
River Bar Chokhatauri-ის გახსნას დაესწრნენ ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, ჩოხატაურის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე მეუღლესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მამალაძე, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პ.ს. დღეს, 10 ივლისს, River Bar Chokhatauri დიდ ეკრანს დაამონტაჟებს, სადაც რაგბის ყველა მოყვარულს ეპატიჟება “ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ, რომლებიც ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავენ და პირველად უმასპინძლებენ იტალიას.