„ვინც არ უნდა გახდეს ჯონსონის მემკვიდრე, უკრაინის მხარდაჭერა არ შესუსტდება“, – ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფის” თავდაცვისა და უსაფრთხოების რედაქტორმა, დომინიკ ნიქოლსმა რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა.
გამოცემის ჟურნალისტმა ბრიტანელ კოლეგას ჰკითხა: “არ ვიცი, რამდენად ინტერესდებიან ბრიტანეთში რუსეთის რეაქციით, მაგრამ გუშინ ზეიმობდა სრულიად რუსული პუბლიკაცა და ოფიციოზიც. ნიშნისმოგებით გაიძახოდნენ, რომ ასე დაემართება ყველას, ვინც „რუსეთის დანგრევას“ მოინდომებს. მოახდენს თუ არა ეს „გაფრთხილება“ გავლენას ევროპის რიგ ლიდერებზე, მაგ. ემანუელ მაკრონსა და მის თანამოაზრეებზე?”
მან უპასუხა, რომ მათ (რუსეთს) ახალი არაფერი აქვთ სათქმელი, არ აქვთ ახალი იდეა, მათი მსოფლმხედველობა წარსულშია ჩარჩენილი, ნაცვლად იმისა, რომ დანარჩენ სამყაროს აუწყონ ფეხი, იმუქრებიან.
“ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპზე, რომ ხალხს, უბრალოდ, ეცინება რუსების ამ მყვირალა განცხადებებზე. პოლიტიკური ელიტა უკვე ღიად იცინის. ადრე ჩუმად იცინოდნენ, დიპლომატიურად, როდესაც კამერები და ჩამწერები გვქონდა გამორთული, ახლა ღიად და მოურიდებლად ხარხარებენ. ეს განცხადებები არის, უბრალოდ… უაზრო. შეიკრიბა მოხუცი კაცების ჯგუფი მოსკოვში, რომელთაც თავი 60-იანების კოსტიუმირებულ პანტომიმაში ჰგონიათ, ცივი ომის დროინდელ ფილმში. ეს უბრალოდ მოსაბეზრებელი გახდა. რამე ახალი ქენით – ახალი იდეები იპოვეთ, რამე სხვა თქვით. ყოველდღე გამოაგორებენ დმიტრი პესკოვს, ისიც ხან მარცხნივ დაგვემუქრება, ხან მარჯვნივ, ბოლოს კი დააყოლებს: უტატა, ჭკუით იყავით, თორემ მოვალთ და ასე და ისე გიზამთ. მოდით, რაღა. დააყენეთ საშველი. ძალიან მოგვბეზრდა. მათ ახალი არაფერი აქვთ სათქმელი, არ აქვთ ახალი იდეა, მათი მსოფლმხედველობა წარსულშია ჩარჩენილი, ნაცვლად იმისა, რომ დანარჩენ სამყაროს აუწყონ ფეხი, იმუქრებიან. ოკ, სალამი, ბატონო ლავროვ, დღეს ვინ უნდა გალანძღოთ? აჰა, კარგი, კი ბატონო, როგორც გენებოთ. ეს აღარავის ადარდებს. სამყარო ვითარდება, რუსეთი კი – არა. და ამ პრობლემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ისაა, რომ ახალგაზრდა თაობა რუსეთში, თუ მათ აქვთ ინფორმაციასთან წვდომა, ისინი ხედავენ, რომ სხვები, მათი თანატოლები კარგად ცხოვრობენ, ტექნოლოგიის ერას, ახალ იდეებს ფეხს უწყობენ, ახალ კულტურებს იზიარებენ. მათ კი წარსულში ტოვებენ. და ეს სევდიანი სანახავია, ეს საშინელებაა, რადგან რუსეთი მშვენიერი ქვეყანაა, რომელსაც სათავეში უდგას განგსტერების ბანდა, რომელიც ფიქრობს, რომ შავ-თეთრ ფილმში თამაშობენ, რომლის ნახვაც მარტო თვითონ უნდათ”,- ამბობს დომინიკ ნიქოლსი.
ავტორი