პრაღის ქიმიურ-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა გამოიგონეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ალკოჰოლურ სასმელებში მეთილის სპირტის შემცველობის განსაზღვრა შეიძლება. ამის შესახებ სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენელმა მიროსლავა ნოვატნამ განაცხადა.
მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც ჩეხეთში გახშირდა მოწამვლა ფალსიფიცირებული სპირტიანი სასმელებით, რომლებიც მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზას შეიცავდნენ, უმაღლესი სკოლის რამდენიმე ლაბორატორიის წარმომადგენლები სამუშაოს დამთავრების შემდეგ რჩებოდნენ სამსახურში, რათა, რაც შეიძლება სწრაფად დაემუშავებინათ მომწამვლელი ნივთიერებების რაოდენობის განსაზღვრის სწრაფი მეთოდი. მეთოდი დაფუძნებულია ბოთლების ლაზერით დასხივებაზე და ამ სხივის არეკლილი ნაწილის შემდგომ ანალიზზე კომპიუტერის მეშვეობით.
„ახალი მეთოდი ანალიზისთვის საჭიროებს ათჯერ უფრო ნაკლებ დროს და ღირს მნიშვნელოვნად უფრო იაფი“, – განაცხადა ნოვატნამ.
ჩეხი მეცნიერების გამოგონებით უკვე დაინტერესდნენ მებაჟეები, მით უმეტეს, რომ, ხელსაწყო, რომელიც ბოთლების შემცველობის ანალიზს ატარებს, კომპაქტურია და ადვილად გადასატანია ერთი ადგილიდან მეორეზე.
ჩეხეთში არსებული სტანდარტების მიხედვით, მეთილის სპირტის შემცველობა ალკოჰოლში არ უნდა აღემატებოდეს 12 გრამს ერთ ლიტრ სუფთა ეთილის სპირტში. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, 50 გრადუსიანი სიმაგრის „პალინკას“ (ხილის არაყი) 1 ლიტრში მეთილის სპირტის რაოდენობა 6 გრამზე მეტი არ უნდა იყოს.
ავტორი