ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით – “რესპუბლიკა გურია” დაიხურა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენებზე სხვადასხვა თეატრალური დასების წარმოდგენები ეხილა.
,, ფონდი ,,ქართუს” მიერ სრულად რეაბილიტირებულ ოზურგეთის დრამატულ თეატრში დასრულდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ყველა მონაწილეს, ჟიურის წევრებს და სპონსორებს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ჩაგვეტარებინა მაღალი დონის ფესტივალი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ნოდარ დუმბაძის სახელობის პრემია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ,,სმარტ კაპიტალს“ და საქველმოქმედო ფონდს ,,ქართული გალობა“, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.