რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ერთ-ერთი დანაყოფი განადგურებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადა Facebook-გვერდზე ავრცელებს.
უწყების ცნობით “ვაგნერის” წევრები უკრაინის პოზიციების დაკავების მცდელობის დროს გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, ისინი პოპასნასა და ლისიჩანსკის მიდამოებში ბრძოლებში მონაწილეობდნენ.
“კიდევ ერთხელ, ერთ-ერთ ფრონტზე პოზიციების მტკიცე და გაბედული დაკავებით, თანმიმდევრულობისა და მომზადების წყალობით, Wagner PMC ჯგუფი მთლიანად ლიკვიდირებული იქნა ჩვენი ბრიგადის პერსონალის მიერ.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ მტერს, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებს მხოლოდ სიკვდილი ელის, იოლი მოპოვების რომანტიზება კი სამუდამოდ სასუქად გადაიქცევა უკრაინულ შავ მიწაზე,”_ წერს უწყება.
როგორც ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, ვაგნერის ჯგუფი სრულად ლიკვიდირებულია.
მისი თქმით, დაჯგუფების დანაყოფი იმ დროს გაანადგურეს, როდესაც უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციაზე თავდასხმას ცდილობდა.
წყაროები არ აკონკრეტებენ თუ სად გაანადგურეს ვაგნერის დაქირავებული სამხედროები და რამდენი მათგანი მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ “ვაგნერი” რუსული კერძო სამხედრო კომპანია. აღნიშნულ ჯგუფს რუსეთი მოწინავე პოზიციების გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად იყენებდა. გარდა ამისა, “ვაგნერი” ცნობილია თავისი “ოპერაციებით” აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.
ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.
2 წლის წინ უკრაინის დაზვერვა ვაგნერის მებრძოლების მოტყუებასა და დაკავებას გეგმავდა, თუმცა სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ბელარუსში ჩაიშალა.
ავტორი