“უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.
უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.
ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია”,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.