ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულის სახლიდან ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 9 658 ლარის ღირებულების 2 195 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე მხილებულ იქნა 174 პირი, მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 403 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2 000 000 ლარს.