ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მეუფის თქმით, რეალურად გოგაშვილს ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებული ჰყავდა მათთვის სასურველი პატრიარქის კანდიდატურა, რომელსაც კომპრომატებით ამარაგებდა.
“უსაფრთხოების სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, მან დაიწყო მისთვის სასურველი იერარქების, კერძოდ მეუფე იაკობის მომარაგება საეკლესიო კომპრომატებით, მაღალ იერარქებზე არსებული კომპრომატებით და მან დაიწყო ხელის ფათური ეკლესიაში. ის იყო ყველაზე დაახლოებული პირი პატრიარქის მდივან-რეფერენტთან, ინფორმაციებს ცვლიდა მასთან. ციანიდის საკითხი დაიგეგმა საპატრიარქოში, ფაქტობრივად, მან დავალება შეასრულა. გოგაშვილს ჰყავდა თავისი კანდიდატი შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. რა თქმა უნდა შიო არ იყო მათთვის მისაღები კანდიდატი. ეს სავარაუდოდ, იქნებოდა ის კანდიდატი, რომელიც მან მოამარაგა კომპრომატებით. ცდილობს, რომ ყველაფერი მხოლოდ შიოს და რუსულ სცენარს დაუკავშიროს, რაც რა თქმა უნდა, ნახევარი სიმართლეა”, – ამბობს მეუფე პეტრე.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგი განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ორი პიროვნება: რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის – მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ-ეს-ბეს გავლენის აგენტები, რომლებსაც “აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება”. მისი მტკიცებით, პატრიარქის შემცვლელად მეუფე შიო განიხილებოდა.