გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას და ბორტზე მყოფი რვა ადამიანის დაღუპვის ამბავს საზოგადოების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ავიაკატასტროფაზე საკმაოდ ემოციურად წერს ჟურნალისტი ნანა აკობიძე.
“ზაზა შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულება არ არსებობდა”… დაღუპული მფრინავის ზაზა ლორიას მეუღლის ინტერვიუდან ….
მფრინავი შვებულებაში გავიდა. მფრინავის შვებულება ხანმოკლეა – პირველივე ზარამდე. მალე მოვალ – თქვა მფრინავმა. მალე მოვა, – თქვა მფრინავის ცოლმა და სადილის ქვაბს ტილო შემოახვია თბილად შესანახად. მალე მოვა – ერთმა მთამ გადასძახა მეორეს. მთას და ცას შორის უცხო ადამიანი ეკიდა ძაფზე და მიფრინავდა.
მისი შვებულება ხანგრძლივი იყო, მაგრამ ფრენა იყო ხანმოკლე. მივუსწრებთ – თქვა მფრინავმა. მივუსწრებთ – თქვეს დანარჩენებმაც.
თეთრი არაგვის ხეობას ფერმა გადაჰკრა – დანაშაულზე წასწრებულივით. შვებულებაში გასული უცხო ადამიანი იწვა კლდის ძირში. ქარი უფრიალებდა პერანგს – დანებების ნიშნად. ქარი გაკლდევდა – წინ გადაუდგა მფრინავს.
“30 წელი გელოდი – უთხრა, 30 წელი მაცურებდი – ცის და მიწის სამასხარაო გამხადე. ეს მახეა, პოლკოვნიკო.”
იქ ადამიანია, თქვა მფრინავმა. იქ ადამიანია, თქვეს დანარჩენებმა.
ქართან მებრძოლი 7 რაინდის და ერთი დედოფლის ამბავი შავ ყუთში წერია. შავი ყუთი თეთრი არაგვის ხეობაში გდია.
მფრინავი შვებულებაშია. ცაში. ღმერთი უთბილავს გაყინულ ფრთებს”.
გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.