შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 3 აგვისტოს განცხადებას ავრცელებს და 2022 წლის აბიტურიენტების საყურადღებოდ განმარტავს, რომ ხარვეზი დაფიქსირდა ინგლისური ენის ერთ-ერთი ტესტის ვარიანტის შეფასების სქემაში, რის გამოც შეფასების სქემა განახლდა და აბიტურიენტებს ცვლილება ერთ დღეში საკუთარ გვერდზეც აესახებათ.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის საგამოცდო ტესტის პირველი ვარიანტის შეფასების სქემაში, კერძოდ, მეოთხე დავალების მესამე საკითხში სწორ პასუხად C-ს ნაცვლად, მითითებული იყო D. ცენტრი ბოდიშს იხდის არსებული ხარვეზისთვის. იმ გამოსაცდელთა შეფასება, რომლებმაც ტესტის ეს ვარიანტი წერეს, შეიცვლება 4 აგვისტოს 18:00 საათამდე განახლებული შეფასების სქემის შესაბამისად. ცვლილება აისახება აბიტურიენტის პირად გვერდზე (www.online.naec.ge).
შეგახსენებთ, რომ უცხოურ ენებში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა შეფასების სქემებთან ერთად.