ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რეფერენტული ფასების პროგრამის მეთოდოლოგიაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პროცესი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.
„რეფერენტული ფასების პროგრამის მეთოდოლოგიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ვფიქრობთ, ამ თვის ბოლოს დავასრულებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით. შემდეგ უკვე ტექნიკურ სამუშაოებზე გადავალთ. ვფიქრობთ, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტზე ძალაში შევა რეფერენტული ფასები. პირველ ეტაპზე ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.
რეფერენტული ფასების პოლიტიკა საერთო ჯამში, ნიშნავს მაქსიმალური ფასის დაწესებას გარკვეულ გენერიკებზე, ანუ მედიკამენტების ყველა ჩამონათვალზე, რომელიც ამ აქტიურ ნივთიერებას განეკუთვნება. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია, აფთიაქი, თუ დისტრიბუტორი ვალდებული იქნება გარკვეულ ფასზე მაღალი თანხა არ დააწესოს იმ მედიკამენტებზე, რომელიც ამ რეგულაციის ფარგლებში მოექცევა“, – აღნიშნავს ღუდუშაური.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”