პოლიციელს ქალის მიმართ ძალადობისთვის ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდა. ამის შესახებ ინფორმაციას “უფლებები საქართველო” ავრცელებს.
“2022 წლის 1 აგვისტოს „უფლებები საქართველოს” მიმართა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობს მოქმედი პოლიციელი. მსხვერპლთან კონსულტაციის შედეგად გამოვლენილი გარემოებებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით „უფლებები საქართველომ” დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ცემის, ძალადობისა და ადევნების საქმეებს სწორედ ეს უწყება იძიებს.
2 აგვისტოს, „უფლებები საქართველოს” ადვოკატის ელისო რუხაძის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. ამასთან, ადვოკატ ელისო რუხაძის შუამდგომლობის საფუძველზე, მსხვერპლის მიმართ ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხვის დაწყებამდე და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობის პარალელურად მოძალადე განუწყვეტლივ ახორციელებდა არასასურველ კომუნიკაციას მსხვერპლთან, რომელიც ასევე მოიცავდა სიცოცხლის მოსპობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარას. ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, თუმცა „უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვერ უზრუნველყო მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა და უწყების მიდგომა არ იყო მსხვერპლის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული. კერძოდ, მოძალადისგან მომდინარე რეალური და მყისიერი საფრთხის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა არ განახორციელა მტკიცებულებების შესწავლა, მსხვერპლს მოუწოდა ღამის 12 საათზე დაბრუნებულიყო სახლში და დაესვენა, მაშინ როდესაც მოძალადე მსხვერპლის სამუშაო ადგილზე იყო მისული და მას ეძებდა.
„უფლებები საქართველოს” ადვოკატის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა არ უზრუნველყო მსხვერპლის უსაფრთხოების მიზნით შემაკავებელი ორდერის გამოცემა და თავად მსხვერპლი დაავალდებულა, განეხორციელებინა შესაბამისი პროცედურები.
3 აგვისტოს, გამთენიისას, მსხვერპლს თავად მოუწია 112-თან დაკავშირება და შუაღამისას რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩაში ყოფნა, რათა გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი. იმავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მეშვიდე სამმართველომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის დღესვე არსებობდა შესაბამისი კანონისმიერი საფუძველი დაუყოვნებლივ მომხდარიყო მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ეს გადაწყვეტილება 3 აგვისტოს, დღის ბოლოს, „უფლებები საქართველოს” არაერთგზის მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
4 აგვისტოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.
„უფლებები საქართველო” მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე უზრუნველყონ დროული და ეფექტიანი რეაგირება, ქალი მსხვერპლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მყისიერი ზომების მიღება და რეაგირების განხორციელების პროცესში გენდერულად მგრძნობიარე და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება. თავის მხრივ „უფლებები საქართველო” განაგრძობს ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას მათი უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.
„უფლებები საქართველო” ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.