ოზურგეთში კოვიდინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მატულობს სტაციონარში მყოფ პაციენტთა რაოდენობაც.
ეპიდემიოლოგი მოქალაქეებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აწუხებს, ურჩევს, რომ დახურულ სივრცეში პირბადე ატარონ.
„დადებითი შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, მომატებულია ჰოსპიტალიზაცის შემთხვევებიც. მოვუწოდებ მოსახლეობას, ვინც ჯანმრთელობის პრობლემების მქონეა, ქრონიკულმა ავადმყოფებმა, ასაკიანმა პირებმა სურვილისამებრ და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ატარონ ნიღაბი დახურულ სივრცეში. მომართვიანობა გვაქვს ძირითადად სიმპტომიანი პაციენტების, ანუ იტესტება მხოლოდ ისინი, ვინც შეაწუხა სიმპტომმა. სავარაუდოდ, უსიმპტომო მტარებლობის დროს ან პირებში, ვინც ყურადღება არ მიაქციეს ამ დამახასიათებელ სიმპტომებს გაცილებით უფრო მეტი იქნება ინფიცირებულთა რიცხვი. იმისათვის რომ არ მივიღოთ შემდგომი გართულებები საჭიროა სიმპტომის გამოჩენისთანავე ოჯახის ექიმთან კონსულტაცია და ტესტირება“,_ ამბობს სიმონიშვილი.
ინფორმაციისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 22740 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 22507 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
აქტიურია ინფიცირების 137 შემთხვევა. პაციენტებიდან სტაციონარში 34 იმყოფება, 103 კი ბინაზე მკურნალობს.