რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკის ტერიტორიაზე აფეთქებების შედეგად რუსების 9 თვითმფრინავი განადგურდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალები FACEBOOK-ზე იტყობინება.
“საკი! მინუს ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი,” – წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ოფიციალურად არ აუღია, თუმცა, უკრაინის სახელმწიფო წარმომადგენლების განცხადებები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, აფეთქება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საჰაერო თავდასხმის შედეგად მოხდა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკი წერს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი.
“დღეს მკვდარი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები. დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი. ის უკრაინაა”.,– წერს ვერეშჩუკი.
აფეთქებას ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს – მისი გათავისუფლებით.
“რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს. ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება”. – თქვა ზელენსკიმ.
ავტორი