ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში არსებული პრობლემების შესახებ არაერთხელ ვწერდით, თუმცა, უგზოობის პრობლემა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაც სოფლისთვის გამოწვევად რჩება.
მოსახლეობა ჯერ კიდევ 2021 წლის ზამთარში ამბობდა, რომ გზის გაკეთებას არჩევნებამდე დაპირდნენ, მაგრამ ჯერ გაკეთებული არც არაფერი იყო: “ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. ორი გზა გვაქვს და არც ერთი არ ვარგა. ბუკნარის ცენტრი ასეთი უნდა იყოს?” _ ამბობდა მაშინ მოსახლეობა.
როგორც მაშინ მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, საგზაო სამუშაოები გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო.
გზის ნაწილზე ასფალტი/ბეტონის საფარი მართლაც დაიგო და მერიის მონაცემებით, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან 313 332 ლარიც დაიხარჯა.
თუმცა, ბუკნარის მთავარ გზაზე გადაადგილება ორმოების გამო ავტომობილებისთვის და ასევე, ქვეითად მოსიარულეებისთვისაც, დღესაც რთულია.
როდის უნდა მოგვარდეს უგზოობასთან დაკავშირებული პრობლემა? ამ საკითხის გასარკვევად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს პაატა ჩხაიძეს ვესაუბრეთ:
“სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ხორციელდება შიდა გზების დახრეშვა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის, მაგრამ უახლოეს მომავალში, იმ კვირიდან დაიწყება. რაც შეეხება მთავარი ტრასის პროექტს, გაკეთებულია. როგორც კი საჭირო თანხებს მოვიძიებთ, დაიწყება გზის გაკეთებაც”, _ ამბობს პაატა ჩხაიძე.
ავტორი