ცნობილი მსახიობი კარლო საკანდელიძე ასეთ კურიოზს იხსენებდა: „დიდი ხნის წინ რუსთაველის თეატრში ერთი სპექტაკლი გადიოდა, რომელშიც მე და რამაზ ჩხიკვაძე შიკრიკების როლს ვასრულებდით, ეროსი მანჯგალაძე კი – მეფის. ხშირად ხდება ხოლმე, როცა სპექტაკლში ისეთი ეპიზოდი გაქვს, რომ რაიმე უნდა წაიკითხო, იმ ტექსტს არ სწავლობ და პირდაპირ სპექტაკლის დროს კითხულობ. მოკლედ, ზემოხსენებული სპექტაკლი მიმდინარეობს. შიკრიკები (მე და რამაზი) „მეფეს“ ვეახელით. რამაზმა გრძელი ფურცელი გააძრო, ეროსის მიაწოდა და უთხრა:
– აი, ინებეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ეს უსტარი და წაიკითხეთო…
როლის მიხედვით, მეფემ ხმამაღლა უნდა წაიკითხოს უსტარის ტექსტი. მაგრამ რამაზი ეროსის „წაეკაიფა“ და ცარიელი ფურცელი მიაწოდა. ეროსიმ კი, მართალია, ტექსტი ზეპირად არ იცოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ფურცელზე ის არ ეწერა და წამით შეყოვნდა, თუმცა არ დაიბნა, უსტარი რამაზს დაუბრუნა და უთხრა:
– აბა, მიდი, წაიკითხე და მამცნე, რა წერია ამ უსტარშიო.
არც რამაზი დაიბნა. ეროსის უკან დაუბრუნა უსტარი და დააყოლა:
– ბოდიშს გიხდით, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ წერა-კითხვა არ ვიცი.
ის-ის იყო, „მეფეს“ უსტარი ჩემთვის უნდა შემოეჩეჩებინა, მაგრამ მე დავასწარი. „მეფის“ წინაშე მუხლებზე დავემხე და ვუთხარი:
– თქვენო ბრწყინვალებავ, წერა-კითხვა არც მე ვიცი-მეთქი.
ეროსიმ მრისხანე მზერა გვესროლა. შემდეგ კი თავისი დიდებული ხმით თქვა:
– ეს რა ბატიფეხური წერა სცოდინა ამ უსტარის ავტორს. წავალ, ჩემს ვეზირთუხუცესს ვანახებ, იქნებ გაარჩიოსო.
აი, ასე დაიძვრინა ეროსიმ თავი ამ უხერხული მდგომარეობიდან, მაგრამ ჩვენ ისეთი რისხვა დაგვატეხა თავს, როგორიც მეფეს ეკადრებოდა.“
ავტორი