„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზაზა ყურაშვილი იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ბატონი ზაზა ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრია, რომელიც საკუთარ თემში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ მყარ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.
„ამით დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია „საქართველოსთვის“ ტანდემში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ. თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას ბატონი ზაზა ყურაშვილის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.