ჩოხატაურში, სკვერის მოწყობის მიზნით, ხელოვნების სასახლის წინ ტერიტორია უკვე თვეებია, გადათხრილია. როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდით, სამუშაოების გასაგრძელებლად ახალი პროექტის შემუშავება გახდა საჭირო, რადგან უკვე შექმნილი პროექტის მასშტაბის შემცირების აუცილებლობის საკითხი დადგა.
27 აგვისტოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პროექტი დამტკიცებულია და სკვერის მოწყობის სამუშაოები 2 დღეში დაიწყება.
“მინდა გამოვეხმაურო “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომლის ფარგლებში იგეგმება ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილის სრულად განახლება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო თეატრის წინ არსებულ მოედანზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, გადათხრილია. საზოგადოებას მინდა ავუხსნა მდგომარეობა _ პროექტზე, რომლითაც მიმდინარეობს რეაბილიტაციის სამუშაოები, აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს, სამუშაოების მიმდინარეობას, თანხის ჩარიცხვას და მონიტორინგს აწარმოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანხმდება პროექტი, რომელიც უკვე დიდი ხანია, დამტკიცებულია, მცირე კორექტირებები შევიტანეთ და ველოდებით.
კომპანიას, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, შეექმნა პრობლემები და დროში გაიწელა სამუშაოების პროცესი, როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე, ჩვენგან გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ საფუძველი ყველანაირად მომზადებულია და 2 დღეში დაიწყება მოწყობის სამუშაოები.
მინდა წარმოგიდგინოთ პროექტის დასრულებული ვარიანტი, რომელიც ძალიან გაალამაზებს ჩოხატაურს და უფრო მეტად მიმზიდველს გახდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის”, _ წერია მერის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რა კორექტივები შევიდა სკვერის პროექტში _ ამ საკითხზე სასაუბროდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს, მერაბ ბერძენიშვილს დავუკავშირდით. ბერძენიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ სკვერის მოსაწყობი მასშტაბი მცირდება:
“მასშტაბები მცირდება. ჩამოსულები იყვნენ წინა კვირის ბოლოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები. პროექტის მენეჯერიც, კატეგორიულად მოვითხოვეთ რაღაცეები. შევჯერდით და მალე დაიწყება სკვერის მოწყობის სამუშაოები”, _ ამბობს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილთან საუბრის შემდეგ ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს დავუკავშირდით.
მისი თქმით, პროექტი დამტკიცებულია:
“პროექტი დამტკიცებულია, იწყება სამუშაოების შესრულება. კორექტირებები შევიდა ზომებში, ასევე, ფილებში, პროექტში არ იყო და დავამატეთ შადრევანი. ასევე, კორექტირებები შევიტანეთ სკამებისა და განათებების კუთხით. სულ ცოტა ხანში ჩოხატაურელებს ელოდებათ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე თეატრის წინ.
საწყის ეტაპზე კონტურებს შემოხაზავენ და უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოწყობის სამუშაოები. საფუძველი უკვე ყველანაირად მზად არის.
საზოგადოებაში ცოტა მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმან, რომ დიდი ხანია გადათხრილია ტერიტორია, მაგრამ შეიცვალა კომუნიკაციები, საკანალიზაციო მილები, ისევ შეივსო მიწით და უკვე დავიწყებთ მოწყობით სამუშაოებს. სადღაც თვენახევარში დასრულდება თეატრის წინ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა”, _ ამბობს შარაშიძე.
ავტორი