BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ყველა ევროპელი მოქალაქის ნორმალური ცხოვრების განადგურება სურს.
”ის ცდილობს შეტევას სიღარიბითა და პოლიტიკური ქაოსით იქ, სადაც ჯერ კიდევ არ შეუძლია თავდასხმა რაკეტებით”, – თქვა ზელენსკიმ.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ მისი მთავარი გაზსადენი ევროპისკენ არ გაიხსნება, როგორც ეს აქამდე დაგეგმილი იყო.
ევროპამ დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის კონფლიქტის ფონზე ევროპის შანტაჟის მიზნით გაზის მიწოდების შეწყვეტაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.
ინფორმაციისთვის, ენერგორესურსების ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 24 თებერვალს და მწირმა მიწოდებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ხარჯები.
შიშობენ, რომ ევროკავშირში ოჯახები ამ ზამთარში გათბობის საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ.
მთელი კონტინენტის მთავრობები განიხილავენ თუ რა ზომები მიიღონ კრიზისის შესამსუბუქებლად.
გერმანიამ – ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიწოდების შეფერხებით – კვირას გამოაცხადა 65 მილიარდი ევრო (56 მილიარდი ფუნტი) დახმარების პაკეტი.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთი აღარ არის სანდო ენერგეტიკული პარტნიორი.
ცნობისთვის, გაზპრომმა პარასკევს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მილსადენი შეიძლება განუსაზღვრელი ვადით დაიხუროს.
მილსადენი, რომელიც გერმანიაში გადის, სამი დღით დაიკეტა, რასაც გაზპრომმა უწოდა ტექნიკური სამუშაოები და უნდა გახსნილიყო.