იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე ისაუბრა.
საკითხი შეეხებოდა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც შესაძლებელი გახდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად და იგი კონსტიტუციით გარანტირებული და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას აფერხებს.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა, ამან არ უნდა განაპირობოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა.
გიორგი მსხილიძის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მონახოს გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და თავისუფალი განვითარების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის შეთავაზება გააცნო.
„გთავაზობთ, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებისა, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადის გამოთვლას ითვალისწინებს, უცვლელი სახით შენარჩუნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კომიტეტის წევრებმა შეკითხვებით მიმართეს და წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ითხოვეს.
„არის თუ არა თქვენთვის ცნობილი და განუმარტეთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, როდესაც მან ვეტო დაადო ამ კანონს, თუ როგორ წარიმართა პროცესი საქართველოს პარლამენტში? განუმარტეთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს პროცესი პარლამენტში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და გამოითხოვეთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩვენი პარტნიორების თხოვნით სამ კვირაზე მეტი ვადით გადავდეთ ამ საკითხის განხილვა? მიაწოდეთ თუ არა ინფორმაცია პრეზიდენტს, რომ ჩვენ გვქონდა ფართო განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ყველა სახელმწიფო უწყების მონაწილეობით? ასევე აცნობეთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებს და აპარატს გვქონდა კომუნიკაცია ბრიუსელის წარმომადგენლებთან და დაინტერესდით თუ არა შეხვედრებზე განხილული საკითხებით? მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს პროცესი გახსნილად მიმდინარეობდა და საკომიტეტო სხდომებზე ყველა დაინტერესებული პირი იქნა მოწვეული. გარდა ამისა, პირველი მოსმენის შემდეგ, მეორე მოსმენით განხილვების დაწყებამდე, საპარლამენტო ოპოზიციას სამუშაო შეხვედრის გამართვა შევთავაზეთ, სადაც ყველა ის სახელმწიფო უწყება იყო წარმოდგენილი, ვისაც უშუალოდ უწევდათ ფარული საგამოძიებო მოქმედებებთან შემხებლობაში ყოფნა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით მოსაზრებები უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებზე სხდომაზე მოწვეულმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და კანონში მოცემული ახალი მიდგომები განმარტეს.
„ეს არ იყო პრეზიდენტის ვეტო, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ვეტო, რადან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და არ დაინტერესებულა კანონპროექტის ინიციატორების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მოსაზრებებით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ასევე, უმრავლესობის დეპუტატების და კომიტეტის აპარატის მხრიდან განმარტებული იქნა, რომ ცვლილებები სრულ თანხვედრაშია ევროსასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან და პრეცედენტულ საქმეებთან
საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს კენჭისყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტმა კანონის ის რედაქცია, რომელიც პარლამენტმა 7 ივლისის პლენარულ სხდომაზე მიიღო, სრულად გაიზიარა და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.