„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, მნიშვნელოვანია განვითარება და ჩვენი შეუფერხებელი სვლა ევროატლანტიკური სივრცისკენ”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ახლად გახსნილი საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნებას დიდი გმირობა სჭირდება.
„ლაჩრობა იყო ის, რასაც 2008 წელს მთავარსარდალი და მისი გარემოცვა სჩადიოდა. მშვიდობის შენარჩუნება არის ყველაზე დიდი სიქველე და ვაჟკაცობა. განვითარება არის ის, როცა რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ომის ფონზე, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია, სტაგნაცია სახეზე გვაქვს, მაინც ვახერხებთ და ვინარჩუნებთ ქვეყანაში განვითარების, ეკონომიკური წინსვლის პოზიტიურ შედეგებს, რაც საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგების შეფასებაშიცაა ასახული”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა.
„ვაჟკაცობა არ ეყო ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, რომ მოსულიყო და მთელი ზაფხულის განმავლობაში იმ სამუშაო ჯგუფებში ემუშავა, სადაც კამათით, დისკუსიით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით რაიმე საკითხებზე მაინც კონსენსუსი შედგებოდა”, –განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია დღემდე ვერ თანხმდება, რა არის მთავარი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, თუ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.
„აქ ნათლად ჩანს ქვეყნის ინტერესები და ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გაცხადებული ლოზუნგები, რომელთაც ვერანაირად ვერ შეელიეთ. ლოცვა არ არის დასაცინი სიტყვა. საქართველოსთვის ლოცვა ომშიც, მშვიდობაშიც, ლხინშიც და ჭირშიც არის ეგზისტენციალური მოცემულობა. ნუ ებრძვით ამ ეგზისტენციალურ მოცემულობას. ამაზეა აწყობილი ისტორიულად საქართველო და ღვთის ეს რეკომენდაცია არასდროს დაივიწყოთ, რადგან ეს არის მუდმივი, განსხვავებით ყველა სხვა რეკომენდაციისგან”, -მიმართა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ირაკლი ქადაგიშვილმა.