ბოლო რამდენიმე თვეა კერძო სექტორის წარმომადგენლები კადრების დეფიციტზე აქტიურად საუბრობენ. კვალიფიციური მუშახელის მოძიების სირთულეებზე აქცენტს ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი აკეთებს.
ეკონომისტი აკაკი ცომაია კადრების დეფიციტის პრობლემის მიზეზებზე და გამოსწორების გზებზე საუბრობს. მისი თქმით, ამაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება, შესაბამისად იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტია ხელფასები მოიმატებს.
„იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ხელფასების თეორია. სხვა სიტყვებით, დროებითი ფიქციაა.
მიმდინარე მდგომარეობას განაპირობებს ორი ფაქტორი: სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება. ზოგადად, პირველი დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდის ტემპზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი მეტი საქონლის ან მომსახურების შექმნაზე, რომელიც მიიღწევა მეტი რესურსის გამოყენებით ან/და პროდუქტიულობის გაუმჯობესებით. აქ ვგულისხმობ პოტენციურ და არა ფაქტობრივ ზრდას. მთლიანობაში, ეს ორი რამ ერთმანეთს უნდა დაემთხვეს მას შემდეგ, როდესაც ფასები მიაღწევს შესაბამის ნიშნულს. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ფასების თეორია. ესეც დროებითი ფრიქციაა. თუმცა, ემპირიული დაკვირვებებით, დროის პერიოდი მოიცავს რამდენიმე კვარტალს და ზოგჯერ, ერთ წელსაც აღემატება. ხისტი ხელფასების კორექციის პროცესი კი შედარებით სწრაფად ხორციელდება. აკადემიურ ენაზე, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფაქტობრივი და მოსალოდნელი ინფლაცია ერთმანეთს გაუტოლდება. მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: საგარეო მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ბიზნესმა უნდა მოიზიდოს მეტი სამუშაო ძალა. თუმცა, თუ იმავე ხელფასად ის ამას ვერ ახერხებს, აქვს კიდევ ორი გზა: გაზარდოს პროდუქტიულობა ან/და ხელფასები. თუ პირველი არ გამოდის, რჩება მეორე. იმავე პროდუქტიულობაზე, ხელფასების ზრდას მოყვება ფასების ზრდა, რაც განაპირობებს შესაბამის დარგებში მოთხოვნის შემცირებას და ფაქტობრივი GDP უბრუნდება მის დომეინს – პოტენციურს.
რა სიდიდით უნდა გაზარდოს ბიზნესმა ხელფასები? ამ კითხვას პასუხობს სამუშაო ძალის მიწოდების ელასტიურობის მიმდინარე მდგომარეობა ხელფასის მიმართ. რა უფრო არაელასტიურია, მით უფრო მეტად მოუწევს. სამუშაო ძალის კვალიფიკაციის გარდა, ელასტიურობის სიდიდეზე გავლენას ახდენს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ამიტომ, არგუმენტი, რომ მიმტანის კვალიფიკაციას მაღალი ანაზღაურება არ შეესაბამება, უსაფუძვლოა. კვალიფიკაცია ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი მრავალს შორის. მიზეზი იმ მრავალს შორის არის:
- გლობალიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა ტრადიციული არავაჭრობადი რესურსი გახადა ვაჭრობადი. არავაჭრობად საქონელზე ერთი ფასის კანონი ვერ გავრცელდება. სხვა სიტყვებით, ქვეყნებს შორის ვერ ხერხდება საქონლის, მომსახურების თუ რესურსის გაცვლა, ხოლო სამუშაო ძალა ერთ-ერთია მათ შორის. ამიტომ, ფასიც სხვადასხვა ქყვეყანაში განსხვავებულია და გლობალური კონკურენციის მექანიზმი არ მოქმედებს. ვაჭრობად საქონელზე ასე, თუ ისე, ვრცელდება ერთი ფასის კანონი. ასე, თუ ისე, რადგან პრობლემას ქმნის ტრანსპორტირების (მანძილი), თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობისა და საგადასახადო სისტემის თემა. გლობალური კონკურენცია გლობალური გამოწვევაა და ბიზნესს მოუწევს ამისთვის თვალის გასწორება. ხელფასებს შორის ღრმულის შემცირების ტრენდი სახეზეა.
- არასახელფასო შემოსავალი – რა არის ის მინიმალური დასაშვები ხელფასი, რომელზეც ადამიანი მზადაა რომ იმუშავოს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია შემოსავლის სიდიდე, რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს არა მუშაობის შედეგად, არამედ იღებს საკუთრების ფლობიდან, სახელმწიფო შემწეობიდან და სხვა წყაროებიდან. რაც უფრო მაღალია არასამუშაო შემოსავალი, მით უფრო მაღალია ის მინიმალური ხელფასი, რომელზეც თანახმაა რომ დასაქმდეს. ორი ძირითადი ფაქტორი გვაქვს: ფულადი გზავნილები მზარდია და სოციალური დაცვის არსებული მექანიზმი დიდი პრობლემა. კი, მთავრობა არის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ამ პრობლემის წარმოქმნაში. სისტემის ნაკლში დამატებით ვგულისხმობ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებასაც. სამუშაო ძალის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, სამუშაო ძალის მონაწილეობის კოეფიციენტი 50%-ის ფარგლებშია. ეს ძალზე დაბალი მაჩვენებელია“, — განმარტავს აკაკი ცომაია.
წყარო: კომერსანტი