ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი დონეცკისისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას შეძლებს.
ISW აღნიშნავს, რომ წარმატება გამოწვეული იყო იმ კამპანიის შედეგად, რომელიც დასავლური იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს.
გარდა ამისა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვსა და ხერსონის ოლქებში რუსული ჯარის შეტევისთვის HIMARS და სხვა დასავლური სისტემა გამოიყენეს, რამაც ამ ოპერაციას წარმატების პირობები შეუქმნა.
უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია.
“უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, სავარაუდოდ რამდენიმე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად. ომი სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება.
უკრაინამ ომის მიმდინარეობა სათავისოდ შეცვალა. კიევი, დიდი ალბათობით, უფრო და უფრო ხშირად უკარნახებს ძირითადი საომარი მოქმედებების ადგილს და ხასიათს, რუსეთის რეაგირება კი უფრო და უფრო ხშირად იქნება არაადეკვატური უკრაინის მხრიდან გაზრდილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ფონზე, , თუ მოსკოვი არ იპოვის რაიმე გზას შესაძლებლობების დასაბრუნებლად“, – წერს ISW.
ორგანიზაციის თქმით, უკრაინელმა ლიდერებმა ოსტატურად განიხილეს სამხრეთში განხორციელებული დარტყმები, რითიც წარმატებით მოატყუეს და დააბნიეს რუსები თავიანთი განზრახვების შესახებ ხარკოვის ოლქში.
ავტორი