სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთს მიმდინარე კვირის ბოლომდე ეწვევა. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პელოსისთან ერთად სომხეთს კიდევ ერთი კონგრესვუმენი, ჯეკი სფაიერი ეწვევა.
გამოცემა წერს, რომ ბერლინში ვიზიტის შემდეგ პელოსი ერევანში ჩავა, სადაც ის სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.
POLITICO აღნიშნავს, რომ ეს იქნება ნენსი პელოსის დრამატული მოგზაურობა გასულ თვეში ტაივანში სადავო ჩასვლის შემდეგ.
სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.
ОДКБ-ს სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ ორგანიზაცია სომხეთში, აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე, გაგზავნის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც გენერალური მდივანი, სტანისლავ ზასი უხელმძღვანელებს. ჯგუფის დავალება აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შეფასება, წევრი ქვეყნების მეთაურებისთვის ანგარიშების მომზადება და დაძაბულობის განმუხტვის წინადადების შემუშავება იქნება.
ავტორი