იზიუმში, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა, – ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც სააგენტოს ცნობით, ბევრი ცხედარი ნახეს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 ცხედარია. ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარი გამომძიებლის, სერჰი ბოლვინოვის თქმით, ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და მათ სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.