ქართული კომედია “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” მრავალ ჩვენთაგანს აქვს ნანახი. ამ ფილმის რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა:
“ამ სურათის შექმნა, მართლაც, თავიდან ბოლომდე კურიოზებით იყო სავსე. მახსოვს, შეხვედრაზე მჟავანაძემ იკითხა, რა ჰქვია ფილმსო და როგორი სათქმელი იყო – “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!”. ვზივარ ენაჩავარდნილი, ხმას არ ვიღებ. მჟავანაძე ახლა სხვებს მიუბრუნდა:
– მან არ იცის, რა ჰქვია მის ფილმს, მაშ როგორ გადაიღო?
– იცით, – ჩაერია კულტურის მინისტრი, – უბრალოდ, “ბოდიში”
– ბოდიშების დრო არა გვაქვს, – შეაწყვეტინა მჟავანაძემ.
– არა, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”
– მე, კაცო?! – სიტყვა აღარ დაამთავრებინა, ისე შეიცხადა ცკ–ის პირველმა მდივანმა.
ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ფილმის ჩვენება და, ვაიმე! არავინ იცინის. პირველი მდივანი არ იცინის და ვინ გაბედავს გაცინებას?! უყურებენ, უყურებენ. იპოლიტე რომ გამოჩნდა ეკრანზე – “ჰა, ჰა, ჰა”, – გაიცინა მჟავანაძემ. ახარხარდა დარბაზი და ამან გადამარჩინა.”
ავტორი