უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის განცხადებას “მთავარ არხთან” გამოეხმაურა. მისთვის გაუგებარია, საიდან აქვს ლევან მურუსიძეს პროკურატურისთვის მიცემული მისი ჩვენება.
“მურუსიძეს ბევრი ინფორმაცია ჰქონია ჩემზე, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, რა იცის, უარვყავი თუ არ უარვყავი პროკურატურაში ჩემი ჩვენება. მურუსიძემ, მაჩვენა ჩემი ჩვენება? რატომ იკლავენ თავს რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით, როცა მე არ მიხსენებია რუსთავი ორის საქმე. მე არ მაქვს სურვილი კონკრეტულ საქმეზე ვისაუბრო და მით უმეტეს მურუსიძეს ველაპარაკო რომელიმე საქმესთან დაკავშირებით, ის არ არის საბჭოს წევრი”, – თქვა ბესარიონ ალავიძემ.
ცნობისთვის, ალავიძე სწორედ ის მოსამართლეა რომელმაც “მთავარ არხთან” ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. საუბარია ინტერვიუზე, რომელშიც ალავიძე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და ხშირად კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ზეწოლის შედეგად უწევდა.
ის აღნიშნავდა, რომ მისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ფაქტობრივად ქუჩური გარჩევით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოითხოვდნენ და თან ამ მოთხოვნას სახელმწიფო ინტერესებით ხსნიდნენ.
ალავიძე სასამართლოში არაერთ საქმეს განიხილავდა, მათ შორისაა რუსთავი ორის საქმე. ალავიძეს მას არ უსაუბრია იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომლის გამოც მასზე ზეწოლა ხორციელდება. არსებობს ეჭვი, რომ საქმე ეხება 2017 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.
წყარო: mtavari.tv