ხვიჩას კვარაცხელიას შესახებ სხვადასხვა უცხოური გამოცემა კვლავ აქტიურად წერს. ამჯერად ქართველის შესახებ ვრცელ სტატიას ესპანური გამოცემა estadiodeportivo.com-ი აქვეყნებს.
ამავე გვერდის ჟურნალისტის, რაფა კალას ცნობით, “კვარა” რამდენიმე თვის წინ “ვალენსიაში” გადასვლასთან ახლოს იყო. ასევე მის დამატებას “სევილიაც” განიხილავდა.
“ესპანურ ენაში არსებობს გამონათქვამი: “ჩვენ ყველანი მანოლეტები ვართ”. ეს გამოთქმა ეხება ხალხს, რომელსაც რისკის გაწევა არ ახასიათებს და მხოლოდ ფაქტების საფუძველზე მოქმედებს. მსგავსი შემთხვევა საფეხბურთო სამყაროში, კერძოდ, სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ გვინახავს. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა. ქართველი ახლა ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს ვარსკვლავია და “ნაპოლიში” ბრწყინვალე სეზონს ატარებს. “კვარას” შეძენა გასულ ზაფხულს ესპანურ კლუბებს შეღავათიან, დაბალ ფასად ან თუნდაც უსასყიდლოთ შეეძლოთ.
გარემარბი, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა, ლა ლიგაში აღმოჩენილიყო. “ვალენსიასთან” მოლაპარაკებების დროს შუამავლის როლს “ღამურების” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერი ანტონიო ლოპეს ვალენსია ასრულებდა. ესპანელმა ხელმძღვანელობას აუხსნა, რომ “კვარას” დამატება უკრაინა-რუსეთის ომის გამო სრულიად უსასყიდლოდ იყო შესაძლებელი. საბოლოოდ გარიგება ვერ შედგა და კვარაცხელია ბათუმის “დინამოში” გადავიდა, რამდენიმეთვიანი თავგადასავლის შემდეგ კი დაახლოებით 11 მილიონ ევროდ “პარტენოპეის” რიგებში აღმოჩნდა.
“ვალენსია” არ იყო ერთადერთი კლუბი, რომელიც ქართველის გადაბირებით ინტერესდებოდა. მის კანდიდატურას აქტიურად “სევილიაც” განიხილავდა. ამაზე ხვიჩას ერთ-ერთი წარმომადგენელი თემურ ლეფსაიაც საუბრობდა:
“დიახ, ანდალუსიელები დაინტერესდნენ ხვიჩას ტრანსფერით. კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე მისი დადებითი მხარეების შესახებ, თუმცა არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები” – განაცხადა ლეფსაიამ.
დღესდღეობით, ხვიჩა “ნაპოლის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. “პარტენოპეი” ლიდერობს როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს, ასევე სერია A-ს გათამაშებას. ქართველს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და დიდი შანსია, კლუბმა მომავალში მისი გასხვისებით სატრანსფერო რეკორდი მოხსნას. ფაქტია, “ვალენსიამ” და “სევილიამ” “კვარას” ხელიდან გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვეს.” – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩას “ნაპოლი” მორიგ მატჩს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 1-ელ ოქტომბერს, “ტორინოს” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: sportall.ge