უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი კუპიანსკ–უზლოვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირველ რიგში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება.
როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, რუს სამხედროებს ხარკოვის რეგიონში რამდენიმე ძირითადი მიმართულება ჰქონდათ, პირველ რიგში, იზიუმი და ე.წ. იზიუმის სიმაღლე, რომლის გამოყენებითაც ისინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკას გზავნიდნენ.
,,რა თქმა უნდა, კუპიანკს–უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე საათებიდან ის ოკუპირებული იყო და მტერი მას საკმაოდ მტკიცედ იცავდა. წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალება ეს დასახლება გაათავისუფლეს და ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ მას.
ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირველ რიგში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება. ეს საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ელექტროენერგია, წყალი და გაზი. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ეს რაც შეიძლება სწრაფად.
სამწუხაროდ, დასტურდება ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიებიდან რუსეთში ადამიანების, ძირითადად ბავშვების დეპორტაციის იშვიათი ფაქტები. ამჟამად ვმუშაობთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროსთან, რათა შვილები სახლში დაბრუნდნენ.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას. ბრძოლა გრძელდება მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე, რუსები კარგავენ ლოგისტიკურ მარშრუტებს უკრაინაში თავიანთი საოკუპაციო ჯგუფების მომარაგებისთვის. დიდება შეიარაღებულ ძალებს!“ – წერს სინეგუბოვი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხარკოვის რეგიონში დეოკუპირებულია 454 დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის დაახლოებით 6%-ია ოკუპანტების კონტროლქვეშ დარჩენილი.
ავტორი